ახალი ამბები

გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება

“სისხლის სამართლის კოდექსში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. 
პროექტის მიხედვით, კოდექსში დაგეგმილი ცვლილება გულისხმობს გენდერის ან გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, როგორებიცაა: მკვლელობა (მუხლი 109), თვითმკვლელობამდე მიყვანა (მუხლი 115), ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 117), ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (მუხლი 118). 
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლს დამამძიმებელ გარემოებად ემატება მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. კოდექსის 117-ე მუხლს კი დამამძიმებელ გარემოებად ემატება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რომელიც ასევე დამამძიმებელი გარემოება იქნება 118-ე მუხლისთვის.