ახალი ამბები

თელავში დავით სარალიძის ოჯახის მხარდასაჭერი მორიგი აქცია გაიმართება

როგორც Knews.ge-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ ეჟიშვილმა განუცხადა, ისინი მოითხოვენ მკვლელობაში მონაწილე ეჭვმიტანილების და იმ პირები დასჯას, რომლებიც ხელს აფარებენ დამნაშავეებს. აქცია 19 საათზე, იუსტიციის სახლთან, დაიწყება. 
“მოვითხოვთ დაისაჯოს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი. უნდა დადგეს ყველა იმ პროკურორის, ხელისუფლების მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც მფარველობს დამნაშავეებს. მხოლოდ საქართველოს მთავარი პროკურორის გადადგომით არაფერი არ შეიცვლება, მთავარია ეს მანკიერი სისტემა დაინგრეს. დღევანდელი აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა იქნება გაუხსნელი მკვლელობების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა”, – განუცხადა Knews.ge-ს ნოდარ ეჟიშვილმა. ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია თელავში გუშინაც გაიმართა. ამ წუთებში კი თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია გუშინ მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში ცნო დამნაშავედ. სასამართლომ გ.ბ. დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გ.ბ.-ს სასჯელის ვადად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, მას სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 10 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს გ.ჯ.-ს, მას სასჯელის სახით თავდაპირველად 13 წლით თავისუფლებლის აღკვეთა შეეფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9 წლით და 9 თვით პატიმრობა განესაზღვრა. 
თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ექიმებმა რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად მეორე მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს. ის 2 დეკემბერს გარდაიცვალა.