სტატიები

ენმ – კურორტ ახტალას გაყიდვა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ინტერესებშია

პარტიის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ კურორტის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გათვალისწინებული იყო 6 მილიონამდე ლარი, მათი მმართველობის დროს დაიწყო, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ ეს პროცესი შეაჩერა. გიორგი ბოტკოველი ახტალას გაყიდვას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინტერესებს უკავშირებს. 
„2012 წელს დაწყებული იყო აღნიშნული კურორტის რეაბილიტაცია. განსაზღვრული იყო, რომ უნდა დახარჯულიყო 5 მილიონ 700 000 ლარი. ამ თანხის ნახევარზე მეტი უკვე დახარჯული იყო და საკმაოდ დიდი საქმე იყო გაკეთებული. გაცლებით იმაზე მეტი დაიხარჯა, რა ფასადაც დღეს იყიდება კურორტი ახტალა. ეს არის კონკრეტული ადამიანებისთვის განკუთვნილი აუქციონი და მათზეა ეს მორგებული. დღეს გურჯაანში არაფერი არ იყიდება და არ სხვისდება, ამ პროცესში გადაწყვეტილებას არ იღებს მუნიციპალიტეტის მერი დავით სონღულაშვილის ჩარევის გარეშე. ახტალის გაყიდვის შემდეგ ჩვენ დავინახავთ, ვინ იყო დაინტერესებული ამ პროცესში“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას გიორგი ბოტკოველი. 
მისივე თქმით, ახტალა დაახლოებით 10-ჯერ დაარეგისტრირეს, რომლის შედეგადაც კურორტს, დაახლოებით, 5 ჰექტარი ფართობის ტერიტორია ჩამოეჭრა. 
„ორი წლის განმავლობაში კურორტი ახტალა 10-ჯერ გადაარეგისტრირეს. თავიდან კურორტის ფართობი იყო 22 ჰექტარი. გადარეგისტრირების პროცესში ხან გადაიტანდნენ სახელმწიფოს ბალანსზე, შემდეგ ისევ დაუბრუნებდნენ ახტალას და ა.შ. ყოველ გადარეგისტრირებაზე ეს ტერიტორია გარკვეულ ნაწილს კარგავდა. ბოლო რეგისტრაციის შედეგად მოეჭრა 1,5 ჰექტარი 25 მეტრიანი სიგრძის ზოლი და 3,5 ჰექტარი, რომელიც არის კახეთი იონის უკან. ამ პროცესთანაც, რა თქმა, უნდა დავით სონღულაშვილია დაკავშირებული“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა. 
ბოტკოველის ბრალდებებს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი პასუხობს. დავით სონღულაშვილი „ახტალას“ გაყიდვაში მის დაინტერესებას გამორიცხავს და გიორგი ბოტკოველს შეახსენებს 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებამ კურორტი 1 ლარად გაყიდა. 
„ჩემს ინტერესში როგორ შედის ახტალას გაყიდვა, როდესაც 2012 წლის ზაფხულში წინა ხელისუფლებამ თავად 1 ლარად გაყიდა. ამჟამად კი მისი საწყისი ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა და ინვესტორი ვალდებულია 12 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელოს. რაც შეეხება ჩემს დაინტერესებას, მე ვერც გავყიდი ახტალას, არ ვარ უფლებამოსილი პირი, რადგან კურორტი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. არც ერთი კომპანია, რომელსაც სურს ახტალას ყიდვა, ჩემთან დაკავშირებული ვერ იქნება, რადგან არ მაქვს უფლება. არც კი ვიცი, რომელი კომპანია აპირებს აუქციონში მონაწილეობას. ჩემი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზრუნავია, როგორც ახტალას, ისე მთელი გურჯაანის განვითარება. ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის თუ გიორგი ბოტკოველს ეს ამბები წყინს“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას დავით სონღულაშვილი. 
დავით სონღულაშვილის დაინტერესებას კატეგორიულად უარყოფს „ახტალას“ დირექტორიც. გიორგი უტიაშვილი აღნიშნავს, რომ კურორტის, დაახლოებით, 4 ჰექტარ ფართობზე აშენდება 120 ნომრიანი სასტუმრო.
„კურორტ „ახტალის“ ტერიტორიას გამოეყო პარკის ნაწილი, რომელიც არის, დაახლოებით, 4 ჰექტარ ფართობამდე. ეს ტერიტორია იქნება საერთო სარგებლობაში, როგორც მოსახლეობისთვის, ისე დამსვენებლებისთვის. ამ ტერიტორიის პრივატიზაცია არ იგეგმება. აქ ნამდვილად არ არის სონღულაშვილების ინტერესი“, – აცხადებს გიორგი უტიაშვილი. 
უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა სახელმწიფომ პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონზე უკვე გამოიტანა. აუქციონის პირობების თანახმად, საწყისი ფასი 3 მილიონ 755 000 ლარია და მყიდველმა, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 
ახტალა საქართველოში ტალახით ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ, მათ შორის, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.