ახალი ამბები

კახურმა ღვინოებმა პოლონეთში უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურა

როგორც knews.ge-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სულ კონკურსზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 5 კომპანიის 18 სახეობის ქართული ღვინო. 
“უმაღლესი შეფასება მოიპოვეს შემდეგმა ღვინოებმა: „ტროფი“ (Grand Gold); „კახური წარჩინებული“, წითელი, 2013 წ. – კომპანია „ბადაგონი“; „ალავერდი ტრადიციული“, წითელი, 2013 წ. – კომპანია „ბადაგონი“; „ოქრო“ (Gold); „საფერავი რეზერვი“, 2010 წ. – კომპანია „ბადაგონი“; „კახური წარჩინებული“, თეთრი, 2014 წ. – კომპანია „ბადაგონი“; „საფერავი 2016 წ.“ – „ვაზიანი კომპანი“; „მწვანე 2016 წ.“ – „ვაზიანი კომპანი“; „ქისი 2016 წ.“ – „ვაზიანი კომპანი“; „საფერავი 2017 წ.“ – კომპანია „ასადელი“; „რქაწითელი ქვევრი“, 2017 – კომპანია „ასადელი“; „წინანდალი“ 2016 წ. – „წინანდლის ძველი მარანი“; „საფერავი“ 2016 წ. – „წინანდლის ძველი მარანი“, – განუცხადეს knews.ge-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში. 
უწყების ინფორმაციით, კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება. კონკურსის ჟიურიში ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე იყო მიწვეული. ყველაიძის ინფორმაციით, კონკურსი GALICJA VITIS პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება.
“ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართულ ღვინის მწარმოებლებს უკვე მეორედ მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ამ პრესტიჟულ კონკურსში. კონკურსზე წარდგენილი 18 ქართული ღვინიდან 11-მა უმაღლესი ჯილდო მოიპოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის პოლონეთში. ეს ქვეყანა ბოლო რამდენიმე წელია დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში და ეს გამარჯვება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით პოლონეთში,“ – განაცხადა თამთა ყველაიძემ.
კონკურსზე სულ წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 10 ქვეყნის 400-მდე სახეობის ღვინო. კონკურსის ორგანიზატორია „პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი“ GALICJA VITIS, რომელთანაც 2016 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.