ახალი ამბები

განახლებული ამბასადორი კაჭრეთი ივნისში გაიხსნება

Knews.ge-ს ინფორმაციით, სასტუმრო მომხმრებლებს უკვე არსებულისგან სრულიად განსხვავებული კონცეფციის ახალ კორპუსს შესთავაზებს, სადაც თანამედროვე დიზაინის 120 ნომერი განთავსდება.
„მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა გაფართოვება, გვექნება სასტუმროს ორი კორპუსი, რომელიც ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული დიზაინისა და კონცეფციის იქნება. სასტუმროს ემატება ახალი კოტეჯებიც. ივნისიდან ერთდროულად 450 სტუმრის მიღებას შევძლებთ, რის შემდეგაც ,,ამბასადორი კაჭრეთი“ რეგიონში ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი გახდება“ , – აცხადებს სააგენტო ,,კომერსანტთან” საუბრისას ,,ამბასადორის“ სასტუმროების ქსელის მერკეტინგის მენეჯერი თამარ ჯინჭარაძე.
მისი თქმით, სასტუმროს კორპუსის გარდა, კომპლექსს ემატება ევროპული სტანდარტების ოლიმპიური აუზი, კერძო და სასტუმროს კოტეჯები, ახალი ბაღები და საბავშვო მოედნები.
ჯინჭარაძის ინფორმაციით, კაჭრეთის განახლებისთვის დამატებით 25 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მშენებლობის პროცესი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ივნისში დასრულდება.
ამჟამად „ამბასადორი კაჭრეთი“ კლასიკური სტილის 76 ნომრისგან შედგება. ამასთან სასტუმროს ტერიტორიაზეა საქართველოში ერთადერთი პროფესიონალური გოლფის მოედანი, რეგიონში ყველაზე დიდი 800 კაციანი საბანკეტო დარბაზი, 12 კაციანი ვილა, ღვინის მარანი, ჩოგბურთის კორტები, ღია საცურაო აუზი, საცხენოსნო კლუბი და პროფესიონალური სასროლეთი.