ახალი ამბები

გურჯაანში 120 ნომრიანი სასტუმრო აშენდება

უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა სახელმწიფომ პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონზე უკვე გამოიტანა. აუქციონის პირობების თანახმად, საწყისი ფასი 3 მილიონ 755 000 ლარია. 
აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორმა უნდა ააშენოს სასტუმრო, რომლისთვისაც, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 
ახტალა საქართველოში ტალახით ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ, მათ შორის, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.
პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.