ახალი ამბები

კახეთის 5 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

უწყების ინფორმაციით, გეგმური შემოწმებების დროს საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ბაღებში გარკვეული შეუსაბამობები აღმოჩნდა. სააგენტოში განმარტავენ, რომ დარღვევების აღმოფხვრამდე სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასწავლო პროცესის განახლება ეკრძალებათ. 
,,გეგმიური შემოწმებების დროს აღმოჩნდა, რომ ხუთივე ბაღს ინფრასტრუქტურული პრობლემები ჰქონდა, რაც ვენტილაციის სისტემის გაუმართაობას უკავშირდებოდა. თითოეული სააღმზრდელო დაწესებულება 1000-1000 ლარით დაჯარიმდა. საწარმოო და სასწავლო პროცესი მათ ხარვეზების გამოსწორების შემდეგ აღუდგებათ”, – განუცხადეს Knews.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ სოფელ აწყურის საბავშვო ბაღი ნაქირავებ შენობაშია განთავსებული, რის გამოც შესაბამისი პირობები არ არის, ქვემო ალვანის სააღმზრდელო დაწესებულებაში კი სარეაბილიტაციო სამუშაოსთვის თანხა გამოყოფილია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანების ცნობით, საგარეჯოს, კაკაბეთისა და დიდი ჩაილურის საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოს ჩასატარებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა.