ახალი ამბები

თელავის ისტორიული მუზეუმი ხვალ გაიხსნება

არსებული ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი, 2 საათზე, ბატონის ციხეს გახსნის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ერეკლე მეფის სასახლის სრული რეაბილიტაცია, აშენდა საგამოფენო სივრცეები და საკონფერენციო დარბაზი, მოეწყო შიდა და გარე კაფეები და ამფითეატრი. როგორც knews.ge-ს თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა, ბატონის ციხის კომპლექსი ტურისტებს 20 მაისიდან უმასპინძლებს. 
“ბატონის ციხის რეაბილიტაცია დასრულდა. მუზეუმი ხავლ გაიხსნება. კომპლექსს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. 19 მაისს არის ღონისძიება “ღამე მუზეუმში”, რომელსაც თელავის მუზეუმიც შეუერთდება. 20 მაისიდან კი უკვე სრული დატვირთვით დავიწყებთ მუშაობას და ტურისტებსაც მივიღებთ”, – განუცხადა knews.ge-ს გურამ ურჩუხიშვილმა. 
ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია, რომლის საერთო ღირებულება 7 მილიონი ლარია, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება, კახეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა და ტურიზმის განვითარებაა. სამუშაოები სამშენებლო კომპანია “ჯავამ” განახორციელა. 
ბატონის სასახლეს რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა.