ახალი ამბები

წინანდალში პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება

საპარტნიორო ფონდი წინანდალში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებს, რომელიც კახეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო ბრენდირებული სასტუმრო იქნება. 
,,120-ნომრიან სასტუმროში საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები, ღონისძიებათა დარბაზები, ღია და დახურული კაფე/რესტორნები, სპა, აუზი და ფიტნეს კლუბი განთავსდება. „წინანდალი რედისონი“ კახეთის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო და ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება. დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება, გაისეირნოს ალექსანდრე ჭავჭავაძის ბაღში, დაათვალიეროს მისი სახლ-მუზეუმი და დააგემოვნოს წინანდლის მამულის ღვინოები. აღნიშნული პროექტით საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო გაჩნდება, რომელიც მაღალშემოსავლიან ტურისტთა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.”, – განუცხადა Knews.-ge-ს ,,სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ალექსანდრე თოფურიამ.
„წინანდალი რედისონის“ მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია.
,,სასტუმრო ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს და კახეთში დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. მაღალი კლასის სასტუმრო რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს – კომფორტულ დასვენებას, ახალ საკონფერენციო სივრცეს და სასიამოვნო გარემოს შესთავაზებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორებს. იგი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონის მცხოვრებ ადამიანებს შემოსავლებს გაუჩენს და ცხოვრების დონეს გაუუმჯობესებს,“ – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.