ახალი ამბები

თესაუს სტუდენტებს აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს, რომელშიც აღწერილი იყო რეგიონის ყველა სამთო თუ საზღვაო ტურისტული პროდუქტი. 
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსის თქმით, უწყებამ ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორ–მასწავლებლები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. მიხეილ კოპლატაძის ინფორმაციით, პროექტის მიზანი შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. 
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს და არა მარტო მათ ვაჩვენოთ, რომ აჭარაში მოგზაურობა და დასვენება წლის ნებისმიერ პერიოდში შეიძლება. ჩვენ რეგიონის პოპულარიზაცია დავიწყეთ თელავის უნივერსიტეტიდან, სადაც ძალიან დიდი ინტერესი დაფიქსირდა აჭარის მიმართ. სტუდენტები დილიდან აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენს ღონისძიებაში და დეტალური ინფორმაცია მიიღეს, თუ როგორ და სად შეუძლიათ იმოგზაურონ აჭარაში ყოფნისას. შიდა ტურიზმი არის ტურიზმის განვითარების ღერძი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი პრეზენტაციები, პროექტები გამოაცოცხლებს შიდა ტურიზმს და ხელს შეუწყობს აჭარაში ახალგაზრდების მოზიდვას და ზოგადად ამ დარგის განვითარებას, “ – განუცხადა knews.ge-ს მიხეილ კოპლატაძემ.
ღონისძიება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმური ბენდის „ასეა სულ“ კონცერტით დასრულდა.