სტატიები

თელავში დაყენებული ქვევრის ღვინო გერმანიაში იყიდება

მარნის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ ღვინის ექსპორტზე გატანას სხვა ქვეყნებშიც გეგმავენ. 
„ღვინო გერმანიაში მცირე რაოდენობით იყიდება. პროდუქცია ექსპორტზე შემთხვევით გავიტანეთ. ელ.ფოსტაზე მივიღე წერილი, ერთ ადამიანს სურდა ღვინის ნიმუში რომ გამეგზავნა, ღვინის ბიზნესის დაწყება უნდოდა. ნიმუშის გაგზავნის საფასური თავად გადაიხადა. ჩემი ღვინო მოეწონათ. 100 ბოთლი კახური რქაწითელი და 50 ბოთლი ქვევრის საფერავი გავაგზავნე. გარდა ამისა, მქონდა კვირპორსში ღვინის ექსპორტის მცდელობა, ჩემს ღვინოებთან ერთად წავიღე 4 ბოთლი მეოგობარი მარნების ღვინოები, სადაც ქარვისფერი და წითელი ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. ღვინოები მოეწონათ, მაგრამ საწუხაროდ ვერ შედგა თანამშრომლობა. ჩვენს სამომავლო მიზნებში საექსპორტო ბაზრების გაფართოვება შედის“, – ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას ირაკლი როსტომაშვილი. 
როსტომაშვილებს საგვარეულო მარანი წლების წინ ახმეტაში ჰქონდათ, რომელიც საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ ჩამოართვეს. ირაკლიმ ოჯახური ტრადიციის გაგრძელება და მარნის დაარსება გადაწყვიტა. მარნის ასაშენებლად მეღვინემ ბანკიდან სესხი გამოიტანა. 
„2013 წლის მაისში ExpoGeorgia-ს ღვინის გამოფენაზე ვიყავი და უცხოელების დიდი ინტერესი დავინახე ოჯახური მარნების მიმართ, რის გამოც გადავწყვიტე მარნის დაარსება. პირველ წელს სამომხარებლო სესხი ავიღე, რომლითაც ქვევრები და ყურძენი შევიძინე. მომდევნო წელს სესხი ისევ ავიღე და მარნის აშენება დავიწყე. ყურძენს ვყიდულობდი და ღვინოებს ალავერდის მონასტრის მარნის დახმარებით და მათი კონსულტაციით ვაყენებდი. 2015–2016 წლებში ვიყიდე პატარა ვენახები რუისპირში და სანიორეში. 2017 წელს 5000 ლარით დაგვაფინანსა ელკანამ და მსოფლიო ბანკმა, სადაც ჩვენი თანამონაწილებაც 50% იყო, მათი ფინანსური დახმარებით მარანთან გავაკეთეთ სადეგუსტაციო ოთახი, ეზოში ბილიკები და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოვაწყეთ. მარანი ტურიზმისთვის ძალიან ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს, თელავის ცენტრში, პარკ ნადიკვართან“, – აღნიშნავს როსტომაშვილი. 
როსტომაანთ მარანში ღვინოს რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნისგან აწარმოებენ. ირაკლი ამბობს, რომ ღვინოს ტრადიციული წესით, ყოველგვარი დანამატების გარეშე ქვევრსა და მუხის კასრებში აყენებენ. 
„ვაწარმოებ რქაწითელის და საფერავის ქვევრის ღვინოებს და ასევე ვაყენებ კახურ ღვინოს უჟანგავ ჭურჭელში. რქაწითელის ქვევრის ღვინოს ტრადიცული წესით ვაყენებ, ველურ საფუარზე, დანამატების გარეშე, 6 თვის განამავლობაში ჭაჭა კლერტზე ვაყოვნებ ხოლმე და სააღდგომოდ ვხსნით. საფერავსაც ქვევრში ჭაჭა–კლერტზე ვაყენებ ერთი თვის განმავლობაში და შემდეგ მხოლოდ წვენს ვაბრუნებ ქვევრში და დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ვლუქავ. მაგალითად, 2015 წლის ქვევრის საფერავს 2 წლის განმავლობაში ეძინა ქვევრში. გარდა ამისა, მაქვს ორნახადი ჭაჭა და მუხაში დავარგებული, შემგარებული ღვინო, რომელსაც დავარქვი ‘როსტვაინი”. მაქვს ორნაირი შემაგრებული ღვინო, რომელთა დაგემოვნება მხოლოდ თელავში, ადგილზეა შესაძლებელი. ამ ღვინოებს 2 წელზე მეტია ვაძველებ მაიკოპის მუხის კასრში. თუ კასრებს დამატებით შევიძენ, მინდა დავაყენო წინანდალი, ქინძმარაული, წითელი ნახევრადტკბილი ღვინო“, – ამბობს ირაკლი. 
მეწარმე ფიქრობს, რომ ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია მომხმარებელს მრავალი სახეობის ღვინო შესთასვაზო. ირაკლი როსტომაშვილი სამომავლოდ ქვევრის მშრალი ღვინოების წარმოებასაც გეგმავს.