ახალი ამბები

საქართველოში სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა იგეგმება

შესაბამისი ცვლილებები „ტყის კოდექსში“ შედის. ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – კახა კუჭავა, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე და გოგა გულორდავა არიან.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის მიზანია, საქართველოს ტყისა და მისი რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, ტყეების მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი და ტყესთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ საერთაშორისო ანგარიშგება.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ტერიტორიის საკუთრების მიუხედავად (მათ შორის, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე) ტყის ფონდი ტერიტორიის მესაკუთრესთან შეთანხმებით, შეიძლება, სამინისტრომ აღრიცხოს. 
„ტყის ეროვნული აღრიცხვა ქვეყანაში არსებულ ყველა ტყეს მოიცავს, ტყის მმართველობის ორგანოსა და ტყის დაცვის სტატუსის მიუხედავად. ინფორმაცია დაახლოებით 6600 სანიმუშო ფართობიდან (2200 კლასტერი) შეგროვდება, რომლებიც 3.6 x 3.6 კმ ბადეზე განლაგდება. წარმოდგენილი სანიმუშო ფართობები მუდმივად მონიშნული იქნება და მათზე ტყის ფართობების რეგულარული შეფასება ყოველ ათ წელში განხორციელდება. რეგულარული ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე შესაძლებელი იქნება, საქართველოს ტყეების მდგომარეობის მონიტორინგი და კონკრეტული სტრატეგიული გადაწყვეტილებების ეფექტის შეფასება. ამასთან, ორთო-ფოტოები და სატელიტური მონაცემები გამოყენებული იქნება საველე სამუშაოების მომზადებისა და შეგროვებული მონაცემების შემდგომი ინტერპრეტაციისთვის. ეს კი შესაძლებელს გახდის ტყეების მდგომარეობის შეფასებას იმ ფართობებზეც, რომლებიც მიუწვდომელია პოლიტიკურ ან გეოგრაფიულ მიზეზებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორების ინფორმაციით, საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა დღემდე არ ჩატარებულა, რადგან კანონმდებლობაში შესაბამისი ჩანაწერი არ არსებობს.