ახალი ამბები

ომბუდსმენი მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე – კვლავ პრობლემაა სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვა

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ საქმეში სიცოცხლის უფლება დაცული მხოლოდ მაშინ იქნება, თუ სახელმწიფო დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებს – ეფექტიანად, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიებს ფაქტს, სადაც სავარაუდო უფლებადამრღვევები შესაძლოა სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა გახდეს თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების თაობაზე სასამართლოს განჩინების მიღებიდან ოპერაციის ჩატარებამდე შემუშავებული დაკავების გეგმა და ოპერაციაზე კონტროლი. 
,,2017 წლის ივლისის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია წევრი ქვეყნების მიმართ სპეციალური საგამოძიებო ღონისძიებების გამოყენებაზე მძიმე დანაშაულებთან და მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, კვლავ ახსენებს სახელმწიფოებს, რომ ამ ღონისძიებათა გამოყენებისას აუცილებელია პროპორციულობის და საფუძვლიანობის გათვალისწინება. განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა გახდეს თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების თაობაზე სასამართლოს განჩინების მიღებიდან ოპერაციის ჩატარებამდე შემუშავებული დაკავების გეგმა და ოპერაციაზე კონტროლი. ამ ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ნათელი გახდება, გაითვალისწინა თუ არა ოპერაციის ჩამტარებელმა უწყებამ ძალის პროპორციული გამოყენებისთვის ყველა შესაძლებლობა, რათა გამოუსწორებელი შედეგი – სიკვდილი აერიდებინა თავიდან. სწორედ ეს საკვანძო ფაქტორი განსაზღვრავს მთლიანობაში სახელმწიფოს მიერ მაჩალიკაშვილის სიცოცხლის უფლების დაცვის ხარისხს – ეფექტიანი გამოძიებით დაადგენს თუ არა სახელმწიფო იმას, რამდენად იმოქმედეს მისმა წარმომადგენლებმა კანონით განსაზღვრული მკაცრი აუცილებლობით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში.
ომბუდსმენი რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს პროკურატურას, გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესაფასებლად კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებით შეისწავლოს თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების გეგმა და ოპერაციაზე კონტროლი; სპეცდანიშნულების რაზმის გეგმა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავებამდე; მაჩალიკაშვილის დაკავების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები; გამოყენებული სამედიცინო დახმარების დროულობა და ხარისხი; დამკავებელი პირების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კანონიერება; უზრუნველყოს გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გააცნოს შესაბამისი დოკუმენტაცია.