ახალი ამბები

კისისხევის მოსახლეობა მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს

რევაზ გრძელიშვილს, გიორგი ჭლიკაძეს, გოჩა ჭლიკაძესა და გიორგი იოსებაშვილს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ. როგორც knews.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, მოსამართლემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივების თქმით, თუ ახალგაზრდებს არ გაათავისუფლებენ, მასობრივ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. თანასოფლელების დაპატიმრება ადგილობრივებმა გუშინ თელავი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით გააპროტესტეს. 
„მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. უდანაშაულო ადამიანები ციხეში 4 წელი გაუშვა. მათ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. პოლიციელებმა ერთ-ერთ დაკავებულს მოსთხოვეს განყოფილებაში გაყოლა, რათა ნარკოტესტი ჩაეტარებინა. ამასთან დაკავშირებით მას მოუვიდა შეკამათება. ეს პირველი შემთხვევა არ იყო. შემთხვევას შეესწრო კიდევ ახალგაზრდა. მათ გააპროტესტეს ახალგაზრდის პოლიციაში გადაყვანა. შემდეგ სამართალდამცავებმა დამატებითი ძალები გამოიძახეს და ოთხივე ახალგაზრდა დააკავეს“, – განუცხადეს knews.ge-ს ადგილობრივებმა. 
ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ ოთხივე ახალგაზრდა გაათავისუფლეს და საქმის განხილვა სასამართლოში სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ კი თელავის რაიონულმა სასამართლომ ყველა მათგანს ოთხი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
პროკურატურის ინფორმაციით, ნაცემია 2 პოლიციელი, წინააღმდეგობას კი სამართალდამცავებს ოთხივე ახალგაზრდა უწევდა.