სტატიები

პანკისში ასკილის უალკოჰოლო ლუდის წარმოებას გეგმავენ

„ასკილის უალკოჰოლო ლუდის ხარშვის ტრადიცია ქისტებში დიდი ხანია არსებობს. ჩვენი ოჯახიც ამ ტრადიციას მიყვებოდა. ადრე ბებია ხარშავდა ხოლმე სხვადასხვა დღესასწაულზე. მერე დედაჩემმაც დაიწყო ლუდის მოხარშვა. ადრე ლუდს ვყიდდით კიდეც და ჩვენი ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო. ლუდი მზადდება ასკილისგან და შემდეგ ვურევთ სვიას, კუნელს და სხვა მცენარეებს. მოხარშვის შემდეგ სხვა ჭურჭელში ვასხავ, სადაც ის დუღს. ერთი კვირის შემდეგ უნდა გაიფილტროს და შემდეგ შესაძლებელია მისი დალევა“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას შენგელი ტოხოსაშვილი. 
შენგელი ამბობს, რომ ასკილის ლუდის ჩამოსხმის იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ პანკისის ხეობაში დაიწყო პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“. მეწარმე ამბობს, რომ უკვე არსებობს ლუდის ეტიკეტიც, რომლის შექმნაში დიზაინერები დაეხმარნენ. 
„გასული წლის ზაფხულში, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს პროექტმა „ZRDA” მეწარმეობის სკოლასთან ერთად ხეობაში დაიწყო პროგრამა ,,ახალგაზრდა მეწარმე’’. ლუდის ჩამოსხმის იდეაც სწორედ მაშინ დამებადა და დავიწყე ამ საქმეზე ფიქრი. პროექტის ფარგლებში ჩაგვიტარეს ტრენინგები და გვასწავლეს, როგორ მიგვეღო შემოსავლი ჩვენი წამოწყებული საქმიანობიდან, გავაკეთეთ ჩვენი პროდუქციის პროტოტიპი და თბილისში გავიტანეთ დეგუსტაციაზე, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა ლუდმა. წელს USAID-ის პროექტ “ZRDA”-ს მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში მივიღე მონაწილეობა და სწორედ ლუდის ჩამოსხმის იდეამ გაიმარჟვა, რის შედეგადაც უნდა მომიტანონ ელექტრო სახარში ქვაბი, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია“, – ამბობს შენგელი ტოხოსაშვილი. 
ტოხოსაშვილი ამბობს, რომ პროდიქცია ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთაა. მისივე თქმით, ასკილის ლუდზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. 
„აღნიშულ სასმელზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ჩვენ, ასევე, სოფელ დუისში გვქონდა დეგუსტაცია და ყველას მოეწონა, ვინც კი დალია. ადგილობრივი მოსახლეობა იცნობს ამ სასმელს და მასზე მოთხოვნაც დიდია. ლუდი არის 100%-ით ნატურალური და ძალიან არომატული. აქვს ასევე სამკურნალო თვისებებიც. მსგავსი სასმელი ბაზარზე ჯერ არ იყიდება. ლუდი არის ნატურალური და საკმაოდ არომატული. ლუდის სხვა კომპანიებს კონკურენციას გავუწევ, მაგრამ მარკიტინგის მიმართულებით საკმაოდ ბევრი მუშაობა მომიწევს. ჩემი გათვლებით, ერთ წელიწადში ეს იქნება საკმაოდ სერიოზული და კონკურენტუნაირიანი საწარმო, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობაც“. 
მეწარმე აღნიშნავს, რომ ასკილს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებენ. ტოხოსაშვილის თქმით, ერთი ლიტრი ლუდის ფასი 1,50 ლარი იქნება. 
„აქ იფუნქციონირებს ასკილის ჩასაბარებელი ადგილი და ადგილობრივებს შეეძლებათ მიდნორში დაკრეფილი ასკილის ჩაბარებით გარკვეული თანხა მიიღონ. ასკილი საკმაოდ გავრცელებულია ხეობის მინდვრებში და მისი შეგროვება, არ არის რთული საქმე. რაც შეეხება ლუდის ფასს, ერთი ლიტრის ღირებულება დაახლოებით 1.50 ლარი იქნება. თავდაპირველად ლუდს ადგილობრივ ბაზარზე გავყიდი და შემდეგ ვეცდები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, თბილისშიც გავიტანო“, – აღნიშნავს მეწარმე.