“როიალ ბატონი” ილიას ტბაზე საქმიანობის არეალს აფართოვებს

კომპანიის დირექტორი გია პირადაშვილი აცხადებს, რომ მათ მართვაში გადმოვიდა “ფერუს ჯორჯია”, რომელიც სასტუმროს აშენებს “როიალ ბატონის” მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ბიზნესმენმა knews.ge-ს განუცხადა, ტბაზე შენდება ეკო სახლები, რომლებიც სექტემბერში გაიხსნება.

მისი ინფორმაციით, წყალში უკვე აშენდა საკონცერტო დარბაზი, რომლის მოპირკეთებაც ამჟამად მიმდინარეობს. პროექტის სახელწოდებაა “მუსიკალური კუნძული”. 
“ფერუს ჯორჯია” არის ლატვიელების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანია, მან შეიძინა წყალქვეშა მიწა აუქციონზე, ვალდებულებით და დაიწყო მისი განვითარება, ეს არის მცირე მონაკვეთი, საუბარია 6 ათას კვადრატულ მეტრზე. სახლები გაიყიდება და მათ ეყოლებათ კერძო მფლობელები, ბალტიისპირეთში მცხოვრები ძალიან მაღალშემოსავლიანი ადამიანები, რამდენადაც მითხრეს, ორ სახლს უკვე ჰყავს მფლობელი’’, – განუცხადა knews.ge-ს გია პირადაშვილმა. 
მისი ინფორმაციით, სექტემბრიდან იგეგმება აღნიშნული ეკოსახლების გაქირავება. 
,,ჩვენ ვიქნებით მისი მომსახურე კომპანია და ვამუშავებთ მას, როგორც სასტუმროს, რესტორანსა და საკონცერტო დარბაზს. სექტემბერში გაიხსნება ხუთი სახლი და ერთი რესტორანი და სამომავლოდ კიდევ დაემატება რვა სახლი“, – აღნიშნა გია პირადაშვილმა. 
აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია ერთი წლის წინ გაიმართა. კომპანია “ფერუს ჯორჯიამ“ პროექტის პირველ ეტაპზე 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 მილიონი ლარი იქნება. 
“ამ პატარა მოცულობისთვის ეს საკმაოდ დიდი თანხაა , ძალიან მაღალტექნოლოგიური სახლებია და რაც ყველაზე მთავარია, ამ სახლების კონსტრუქციები იწყობა ჩვენთან კახეთში, აქ კეთდება წარმოება, რომელიც ნაწილობრივ უკვე გაშვებულია. ამ ეტაპზე დაწყებულია ამ სახლების აწყობა. ეს არის ნატურალური ხისგან დამზადებული კონსტრუქციები. სახლები 1,5 კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს, მინები და ფანჯრები ჩამოდის ლონდონიდან, მისი ფანჯრები თბო მშთანთქმავია , ანუ იქნება ძალიან ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა სახლები, რომლებსაც შეხვდებით ნორვეგიაში, შვედეთში, ცოტას ფინეთში, მეტი სხვაგან არსად გაკეთებულა. ლატვიური კომპანია Ferrus სწორედ ეკო მიმართულებით მუშაობს, ეს ევროპული კომპანიაა, რომელიც მთელს მსოფლიოში ცნობილია და დაკავებულია ელექტრომობილების დამზადებით, მათ გამოშვებული აქვთ ელექტრო ავტობუსებიც“, – განუცხადა bm.ge-ს გია პირადაშვილმა.