ახალი ამბები

“არ დავუშვებთ ალაზნის მილებში მოქცევას” – პანკისში აქცია გაიმართა

სოფელ ბირკიანში შეკრებილმა ადგილობრივმა მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვა. როგორც knews.ge-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სულხან ბორძიკაშვილმა განუცხადა, ჰესის მშენებლობის შედეგად პანკისის ხეობა საძოვრების გარეშე დარჩება. მისივე თქმით, მდინარე ალაზნის წყლის მილებში მოქცევა გარემოზე მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს, გამოიწვევს სასმელი წყლის შეწყვეტას და საფრთხეს შეუქმნის პანკისის ხეობის ფლორასა და ფაუნას. 
„მოსახლეობა ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. ეს არის ჩვენი საპროტესტო აქციის მიზეზი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 5 კილომეტრზე, სოფელ ბირკიანამდე მდინარე ალაზნის მილებში მოქცევა, რაც გამოიწვევს ტყის გამეჩხრებას. არ დავუშვებთ მდინარე ალაზნის მილებში მოქცევას. ჰესის მშენებლობის შედეგად წყლის დონე მკვეთრად შემცირდება და სოფელი დარჩება სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე. ფლორასა და ფაუნასაც სერიოზული საფრთხე შეექმნება“, – განუცხადა Knews.ge-ს სულხან ბორძიკაშვილმა. 
აქციის მონაწილეების მოსაზრებებს სამშენებლო კომპანიაში, რომელიც ხადორის ჰესს აშენებს. შპს “ფერის” დირექტორის, ლაშა იორდანიშვილის ინფორმაციით აღნიშნული ჰიქდროელექტროსადგურის სიმძლავრე 5 მგვტ იქნება, რომელიც პანკისის ხეობას არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის. ისინი ადგილობრივებს საქმეში შესაბამისი სპეციალისტების ჩართვას ურჩევენ. ჰესის მშენებლობა 2019 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, „ხადორი 3“ საცხოვრებელი სახლებიდან 90 მეტრში განთავსდება.