ახალი ამბები

გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა

 „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესატანად საჭირო იყო 75 ხმა. კანონპროექტს 66-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 14 კი წინააღმდეგ წავიდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომავალ კვირას კანონპრორექტის ინიცირებას საპარლამენტო უმრავლესობა მოახდენს. 
„მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს. იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ვერ შედგა შეთანხმება. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა ორგანული კვოტირების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს. პრინციპი იქნება იგივე – 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში, 2024 წლის მოწვევის პარლამენტში 1/3 წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ. 
მესამე სექტორი კი ხელისუფლებას საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე აღნიშნავს, რომ მოქმედი რეგულაციით, თუ საარჩევნო სიაში პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში განსხვავებული სქესის კანდიდატია წარმოდგენილია სულ მცირე 30%-ით, მაშინ პარტია დამატებით საბაზო დაფინანსების 30%-ს იღებს, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა ვერ უზრუნველყოფს ქალთა პოლიტიკაში მონაწილების გაძლიერებას.
„ბოლო კვლევებით ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მიმართულებით საქართველო 114-ე ადგილზეა. ჩემი აზრით, საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე მხოლოდ ერთჯერადი ინიციატივა ვერ მოაგვარებს პოლტიკაში ქალთა დაბალი მონაწილეობის პრობლემას“, – განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.
კანონპროექტის მხარდაჭერისკენ საპარლამენტო უმრავლესობას სახალხო დამცველის აპარატიც მოუწოდებს. ომბუდსმენის აპარატის გენდერული დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ილურიძე აცხადებს, რომ სავალდებულო გენდერული კვოტირების დაწესების შემთხვევაში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა იქნება მინიმუმ 26%.