სტატიები

კომპანია ,,ინვეტ ფიდის“ საწარმოში მედია ტური გაიმართა

ტურის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ მარცვლეულის მიღების, ვარგისიანობის ლაბორატორიულად შემოწმების, შეფუთვის პროცესს და საწარმოში არსებულ პირობებს.
,,მედია ტური ორგანიზებულია ჩვენს მიერ საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ მხარდაჭერით, რომელიც შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით უკვე მეხუთე წელია ფუნქციონირებს. ,,ინვეტ ფიდი’’ მხარს უჭერს ზოგადად რეგიონებში მცხოვრები ვეტერინარებისა და მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე გაიგებენ როგორია საწარმოო ციკლი, როგორ მზადდება კომბინირებული საკვები, რა პროდუქცია გამოიყენება წარმოებაში, როგორ მოხდა HACCP-ის სტანდარტის დანერგვა და სხვა’’,– განუცხადა knews.ge-ს პროექტის ,,MOLI კახეთში“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა მაკა სხვიტარიძემ.
კომპანია „ინვეტ ფიდმა“ ცხოველთა კომბინირებული საკვების წარმოება 2012 წლიდან დაიწყეს, 2016 წელს კი მოთხოვნის გაზრდის შესაბამისად პროექტების ,,აწარმოე საქართველოში“ და ,,შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში მცხეთაში საწარმო გახსნეს. კომპანიის მეცხოველეობის მიმართულების მენეჯერი გურამ მელქაძე ცხოველთა სწორი კვების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომბინირებულ კვებაზე მყოფი პირუტყვის ხორცის გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
,,2016 წელს გაიხსნა საწარმო და მის შემდეგ ყოველდღიურად ვზრდით წარმოების მასშტაბებს იმიტომ, რომ მოთხოვნა ფრინველთა და ცხოველთა საკვებზე დიდია. ჩვენი მიზანია მუდმივად ზრუნვა ხარისხზე და განვითარებაზე, ასორტიმენტების და ახალის ტექნოლოგიების დანერგვაზე ზრუნვა. ცხოველის სწრაფი ზრდისა და განვითარებისათვის სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს მცდარი შეხედულება, რომ კომბინირებულ კვებაზე მყოფი პირუტყვის ხორცი გემოვნური თვისებებით არ გამოირჩევა. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას ფერმერებს‘’,- განუცხადა knews.ge-ს გურამ მელქაძემ.
ცხოველების კომბინირებული საკვების მნიშვნელობაზე საუბრობენ ფერმერები და ვეტერინარებიც. ისინი ამბობენ, რომ ტრადიციული კვების დროს პირუტყვი იმ ვიტამინებს ვერ იღებს, რაც მისი ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
,,ჩართული ვიყავი ,,MOLI კახეთში“ პროექტში, გოჭებს ვზრდიდი კომბინირებული საკვებით და შედგენილი გრაფიკით. შედეგად დავრწმუნდი, რომ კომბინირებული საკვების მიცემით ჩვენთვის შესაძლებელია ნაკლებ დროში და ნაკლები დანახარჯით სასურველი წონა-მატის მიღება. ზოგი ამბობს, რომ პრემიქსით და კომბინირებული საკვებით გასუქებული ღორის ხორცი არ არის გემრიელი, ეს შეხედულება ვფიქრობ მცდარია’’,- განუცხადა knews.ge-ს ფერმერმა ნათელა მამუჩარაშვილმა.
,,უნდა იცოდეს ყველა ფერმერმა, რომ მათი ცხოველების ზრდა დამოკიდებულია სწორ და კარგ კვებაზე. კომბინირებულ საკვებში არის უყველა ის დანამატი და ელემენტი, რაც საჭიროა ცხოველის ზრდისთვის, რასაც ტრადიციულ საკვებზე ვერ ვიტყვით, რადგან ამ შემთხვევაში ცხოველი იზრდება ნელა’’,- განაცხადა ვეტერინარმა ზაზა გოგიაშვილმა.
კომპანია ,,ინვეტის“ დირექტორი დავით შალამბერიძე კი წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, საწარმოში მუშაობს ლაბორატორია, რომელიც გადასამუშავებლად მიღებული მარცვლეულის და შემდეგ დამზადებული პროდუქციის ვარგისიანობას ამოწმებს.
,,გვაქვს ლაბორატორია, სადაც ყველა პროდუქტი მოწმდება და მხოლოდ ამის შემდეგ იყიდება. 2016 წელს ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი HACCP-ის სტანდარტის დანერგვაზე, ვიმუშავეთ HACCP-ის საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიტებთან ერთად, რის შემდეგაც გადმოგვეცა ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატი. საწარმოში ყველა მიმართულება მუშაობს სტანდარტების დაცვით: დაცულია სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები, მომუშავეთა უსაფრთხოება და სხვა. ჩვენ 2017 წელს 5 000 ტონაზე მეტი საკვები ვაწარმოეთ, წელს დაგეგმილი გვაქვს 6 000 ტონამდე გავზარდოთ“, – აღნიშნავს დავით შალამბერიძე.
შალამბერიძე რეგიონული მედიის როლის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობის საკითხებს ჟურნალისტები აქტიურად არ აშუქებენ.
„ვფიქრობ მედია ტურებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არასაკმარისად შუქდება აგრარული მიმართულება და დარგში არსებული პრობლემები. მნიშვნელოვანია ამბის სწორად გაშუქება და მედიის აქტიურობა ამ მიმართულებით’’,- ამბობს შალამბერიძე.
აგრო საკითხებზე ფერმერების ინფორმირებაში მედიის როლზე ყურადღებას მახავილებენ ჟურნალისტებიც. ისინი მიუთითებენ, რომ სოფლის მეურნეობის საკითხების სწორი აქცენტებით გაშუქების მიზნით აუცილებელია ჟურნალისტების ინფორმირება.
,,კომბინირებული საკვების შესახებ მივიღე იმაზე მეტი ინფორმაცია, რაც აქამდე მქონდა. დავრწმუნდი, რომ ,,ინვეტის“ საწარმო ერთ-ერთია, რომელმაც შეიძლება იმპორტირებულ საკვებს გაუწიოს კონკურენცია. ასეთი საწარმოების არსებობა და ბაზარზე ქართული პროდუქციის წარმოება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რადიო თბილისის ჟურნალისტმა მარიამ ნამგალაძემ.