ახალი ამბები

ევროკავშირის ინიციატივას კახეთის 7 მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ პროგრამაში 2014 წლიდან არის ჩართული. როგორც knews.ge-ს ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა საქართველოში ვინსენტ რეიმ განუცხადა, მერების შეთანხმება აერთიანებს ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. მისივე ინფორმაციით, შეთანხმების ხელმომწერნი მუნიციპალიტეტების მერები ვალდებულები არიან, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების საშუალებით 2030 წლისთვის 30%-ით მაინც შეამცირონ CO2-ის ემისია. 
„მერების შეთანხმება არის უპრეცენდენტო ინიციატივა, რომლის საშულებითაც ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოები უშუალოდ ჩაერთნენ ევროკავშირის ენერგეტიკისა და კლიმატის დაცვის ამოცანების გადაჭრაში. მერების შეთანხმება აძლევს შესაძლებლობას კახეთის 7 მუნიციპალიტეტს, რომ ებრძოლონ კლიმატის ცვლილებას და გავლენას. მერების შეთანხმება ითვალისწინებს CO2-ის ემისიების შემცირებას. შეთანხმების ხელმომწერები, მიუხედავად მათი სიდიდისა და გეოგრაფიული მდებარეობისა, ისახავენ საერთო მიზნებს: შეუქმნან საკუთარ მოქალაქეებს ეკოლოგიურად, სოციალურად და ეკონომიკურად მდგრადი საცხოვრებელი პირობები, უზრუნველყონ ხელმისაწვდომი ენერგეტიკული მომსახურეობით“, – განუცხადა knews.ge-ს ვინსენტ რეიმ. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, ამ პროგრამაში ჩართულობით შესაძლებელი გახდება ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობის გაზრდა.
„დღეს მნიშვნელოვან და საჭირო პროექტს ჩავუყარეთ ამ პროგრამაში ჩართულობით შესაძლებელი გახდება ჩვენი ადაპტირება ინოვაციურ ტექნოლოგიებთან და ხელმისაწვდომობის გაზრდა. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა. 
2008 წელს ევროკავშირის კლიმატისა და ენერგო პაკეტის მიღების შემდეგ ევროკომისიის ინიციატივით შეიქმნა მერების შეთანხმება, რათა წაეხალისებინა და დახმარება გაეწია ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის ენერგეტიკის მდგრადი პოლიტიკის განხორციელებაში.