სტატიები

დედოფლისწყაროში სპორტული ტრენაჟორების წარმოება დაიწყეს

ბიზნეს იდეის ავტორი, მიხეილ სეხნიაშვილი განმარტავს, რომ სპორტის მიმართულებით განათლება და სამუშაო გამოცდილება საბერძნეთში მიიღო.
იგი ამბობს, რომ მისი მიზანი არა ფინანსური სარგებელი, არამედ სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საკუთარი თავის რეალიზებაში დახმარებაა.
,,12 წელი საბერძნეთში ვიყავი, იქ მქონდა სპორტული ფედერაციები შექმნილი და საბრძოლო ხელოვნების და ძალისმიერი სამჭიდის მიმართულებით ვამზადებდი ახალგაზრდებს. ჩემს მეგობართან ერთად ტრენაჟორების მაღაზიაშიც ვმუშაობდი. იქ სპორტულ ინვენტარს ვაწყობდით. იქ ვისწავლე ყველაფერი. დიდი გამოცდილება მქონდა და გადავწყვიტე, უკეთესი იყო საქართველოში ჩამოსვლა და ჩემი გამოცდილების მიხედვით მუშაობა. მინდოდა, ახალგაზრდები მევარჯიშებინა. თავდაპირველად ინვენტარი საბერძნეთიდან ჩამოვიტანე. როცა ვნახე, რომ ძვირი ჯდებოდა და ახალგაზრდებს უცხოური ტრენაჟორების ყიდვა არ შეეძლოთ, გადავწყვიტე ჩემით გამეკეთებინა. 2015 წელს მონაწილეობა მივიღე ,,აწარმოე საქართველოს’’ პროექტში. მოეწონათ ჩემი იდეა და დამაფინანსეს 15 000 ლარით. ჩემს სახლში გავხსენი სპორტული დარბაზი და ტრენაჟორებიც ჩემით გავაკეთე. უცხოური ინვენტარი 8 000 ლარამდე ღირს, მე კი ადგილზე ვაკეთებ ტრენაჟორებს 300-დან 500 ლარამდე ვყიდი. ეს დიდი შეღავათია სპორტსმენებისთვის’’,- განუცხადა knews.ge-ს მიხეილ სეხნიაშვილმა.

სპორტსმენმა თავდაპირველად 20-მდე ტრენაჟორი დაამზადა, თუმცა პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებს.

„როდესაც საქმიანობა დავიწყე, ვიფიქრე, კარგად ვიმუშავებდით, თუმცა ამაოდ. ქართველი სპორტსმენები ძირითადად ყიდულობენ უცხოურ ტექნიკას და უხარისხოს, ჩემს გაკეთებულ ქართულ პროდუქციას, რომელიც დამუშავებულია და გათვლილია მილიმეტრებში, არ ყიდულობენ. ახლა 15 ტრენაჟორი აქვს გამზადებული და ვერ ვყიდით. Mymarket-ზე გვაქვს დადებული განცხადება, მაგრამ არ გაამართლა. იმდენი ფულიც ვერ მოვიძიეთ, რომ საკუთარი გვერდი გაგვეკეთებინა”,- განაცხადა სეხნიაშვილმა.

მიხეილ სეხნიაშვილი, რომელიც ამავდროულად საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის პრეზიდენტია, სპორტული ინვენტარის და ტრენაჟორების დამზადების გარდა, საკუთარ სახლში გახსნილ სპორტულ დარბაზში 30 -მდე ახალგაზრდას ავარჯიშებს.

,,ჩემს სახლში მაქვს გახსნილი დარბაზი, მყავს 30-მდე ბავშვი და ვამზადებ კიკბოქსინგში, კუნგფუში, ძალისმიერ სამჭიდში და, ასევე, ვასწავლი ბრძოლას წესების გარეშე. ორი წელია, მუნიციპალიტეტების მერებთან ვმართავ შეხვდრებს, რომ დაიწყონ ე.წ. ,,სოფლების ათვისების“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თითო სოფელში გაიხსნება ტრენაჟორების დარბაზი და დასაქმდება ახალგაზრდობაც. სრულიად საკმარისი იქნება, 10 000-მდე ლარის ინვენტარი რომ შეიძინონ. მე შემიძლია ინსტრუქტორები გავაგზავნო, ან მე წავიდე და ვავარჯიშო ახალგაზრდები. ტრენერები ამ ყველაფერში ფულს აკეთებენ. მე არ მინდა ფული, მინდა იაფი და ხარისხიანი პროდუქცია მივაწოდო ახალგაზრდებს, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა ივარჯიშონ და განვითარდეს სპორტი’’.