ახალი ამბები

იორმუღანლოს სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი სამართლებრივ დავას გეგმავს

თეა გურგენიძე დისციპლინური კომიტეტის 6 წევრის (ორი პედაგოგი, ორი მოსწავლე და ორი მშობელი) მიერ მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

,,ეს არის პირადი ანგარიშსწორება რესურსცენტრის ხელმძღვანელის მხრიდან. მანანა ცუცქირიძე ზეწოლას ახდენს დისციპლინური კომიტეტის წევრებზე და თავად სკოლის დირექტორზე. არ დამკითხეს კომიტეტის სხდომაზე, მაინტერესებს, რის საფიძველზე წამიყენეს ბრალდება? თავის მართლების უფლებაც კი არ მომცეს,“– აცხადებს პედაგოგი.

პირად კონფლიქტს უარყოფს საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე. 

,,როდესაც გავიგე, რომ სკოლაში დაფიქსირდა ცემის ფაქტი, დირექტორს ვუთხარი, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, კანონმდებლობის სრული დაცვით ემოქმედა. ვიდეოკადრებში, რომელიც დისციპლინურმა კომიტეტმა გამოითხოვა მანდატურის სამსახურიდან, პედაგოგის მხრიდან ძალადობის ფაქტი ფიქსირდება”, – განმარტავს ცუცქირიძე.

დღეს, იორმუღანლოს სკოლის მეოთხე და მეთორმეტე კლასების მოსწავლეები გაკვეთილებს არ დაესწრნენ. მოსწავლეებმა და მშობლებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის გათავისუფლება გააპროტესტეს. 

აქციის მონაწილეები თეა გურგენიძეს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებები, რომელიც პედაგოგს მოზარდის ცემასა და წამებაში ადანაშაულებს, უსაფუძვლოა.

მოსწავლეები და მშობლები აქციების გამართვას მომდევნო დღეებშიც აპირებენ.