შატო ხაშმში წარმოებული ბიო ღვინო მსოფლიოს სამ ქვეყანაში იყიდება

კომპანიის ხელმზღვანელი გიორგი ქოქორაშვილი აღნიშნავს, რომ ღვინო ნატურალურია, რადგან ყურძნის მოყვანის დროს აგროქიმიკატებს არ იყენებს, ხოლო ღვინის დაყენების პროცესი კი მიდის ბუნებრივად. სოფელში გაშენებული აქვს რქაწითელის, საფერავისა და კახური მწვანეს ჯიშის ვენახები. 
„ამჟამად გვაქვს 5 დასახელების ღვინო: ხაშმის საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი და კახური მწვანე. ჩვენი ღვინო გამორჩეულია იმით, რომ არის 100% ნატურალური. ეს ნიშნავს, რომ ყურძენი მოყვანილია ორგანული (ბიო) მეთოდებით, ღვინის დაყენების პროცესი კი მიდის ბუნებრივად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ჩვენი ღვინოები არ არის გაფილტრული და არ შეიცავს არანაირ დანამატს. მათ შორის არ შეიცავს არც დამატებულ გოგირდს, რაც ნატურალურ მეღვინეობაშიც კი დასაშვებია მცირე რაოდენობით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ყურძნის წვენი. ღვინოს ვაყენებთ კახური ტრადიციული მეთოდით, ქვევრებში, ჭაჭა-კლერტზე 5-6 თვიანი დაყოვნებით. აღსანიშნავია, რომ არ ვიყენებთ ღვინის საქაჯავს ღვინის მეტი გამოსავლის მისაღებად. ჭაჭიდან გამოცალკევების დროს ღვინოდ ვიღებთ მხოლოდ თვითდენით მიღებულ სითხეს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვენს წარმოებულ რაოდენობას, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ გვქონდეს მაღალი ხარისხის და არა ბევრი რაოდენობის ღვინო“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გიორგი ქოქორაშვილი. 
მისივე ინფორმაციით, შატო მუხრანის ღვინოები მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში იყიდება. გიორგი ქოქორაშვილი აღნიშნავს, რომ პირველად ინგლისელი ტურისტისგან ვარდისფერი რქაწითელი ჯიშის ღვინოზე შეკვეთა მიიღო 2017 წელს გამართულ „ახალი ღვინი ფესტივალზე“. 
„ჩვენი ღვინო ექსპორტზე დიდი რაოდენობით არ გადის. მცირე რაოდენობით გვაქვს შეკვეთები დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. ვაპირებთ, რომ პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ და უფრო მეტ ქვეყანაში გავიტანოთ ხაშმის ღვინო. გასულ წელს პირველად მივიღეთ მონაწილეობა “ახალი ღვინის ფესტივალზე”. ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ვიზიტორებშიც. კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვეცა, როდესაც უცხო ადამიანების შეფასებები ვნახეთ სრულიად შემთხვევით სხვადასხვა პოსტებში და ასევე ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა სტატიაც კი გამოაქვეყნა ჩვენი ღვინის შესახებ. ამავე ფესტივალზე გავიცანით ინგლისელი ტურისტი, რომელმაც ჩვენი ვარდისფერი რქაწითელის მთლიანი რაოდენობა გვთხოვა ჩამოგვესხა 1 კვირის ვადაში, რომ შეესყიდა და წაეღო პირადი მოხმარებისთვის“, – ამბობს გიორგი ქოქორაშვილი. 
გიორგი ამბობს, რომ მევენახეობით ბავშვობიდან არის დაინტერესებული და ეცნობა ღვინის დაყენების სხვადასხვა ტექნოლოგიას. მან ხაშმში მარანი 2016 წელს დააარსა. 
„მარნის დაარსება გადავწყვიტე 2016 წელს. ჩვენი ოჯახი ტრადიციულად მუდმივად აყენებდა ღვინოს საკუთარი მოხმარებისთვის და შესაბამისად გვქონდა მცირე მარანიც. მეც, ჰობის დონეზე, ბავშვობიდან ჩართული ვიყავი საოჯახო საქმიანობაში, თანდათან ვეცნობოდი ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს. მეთოდების გაცნობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან რაც უფრო მეტად ვეცნობოდი ქარხნული წესით ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ვხედავდი რამდენი ქიმიური დანამატია დასაშვები ასეთი ტიპის მეღვინეობებისთვის, მით უფრო მეტად ვხვდებოდი, რომ საჭირო იყო ნატურალური ღვინის წარმოება. ჩვენს ბაზარზე ძალიან მცირე რაოდენობითაა ნატურალური ღვინო და მოსახლეობის უმეტესობა მოიხმარს ქიმიური მეთოდებით დამუშავებულ, ვითომ გაკეთილშობილებურ სითხეს, რომელსაც პრაქტიკულად წართმეული აქვს ის ღირსებები, რაც უნდა ჰქონდეს ნამდვილ ღვინოს“, – აცხადებს ქოქორაშვილი. 
მეწარმე მიიჩნევს, რომ ქართული ღვინის კულტური განვითარებისთვის აუცილებელია პროდუქციის ხარისხის მიმართ მოთხოვნის გაზრდა. 
„საჭიროა აგრესიული ბრძოლა ფალსიფიკაციის მიმართ. ჩვენს ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს სუფთა და მეორადი ღვინის ცნებები. ქართულ ღვინოს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს მაღალი ხარისხის და ფასის ღვინის სეგმენტში. ჩემი აზრით, ქართველი მეღვინეები უფრო ხარისხზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, ვიდრე რაოდენობაზე. ჩვენ ვერასდროს გავუწევთ კონკურენციას 1-2 დოლარიან ღვინოებს ევროპის ბაზარზე, თუმცა ხარისხიანი ღვინის შემთხვევაში ბევრად ადვილი იქნება კონკურენცია ევროპულ მაღალფასიან ღვინოებთან“, – ამბობს გიორგი ქოქორაშვილი.