სტატიები

„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ სასტუმროს აფართოვებს

პროგრამის ფარგლებში შპს „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ შეძლებს, გააფართოვოს სასტუმრო, რომლის სახელწოდება იქნება „თვინს ტყუპები“. საწარმოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ 12 ნომრიან სასტუმროს კიდევ 12 ოთახი დაემატება. გია გამტკიცულაშვილის ინფორმაციით, გაფართოვების შემდგომ სასტუმროში დამატებით გაიხსნება საცურაო აუზი და საუნა. 
,,სასტუმრო, რომლის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 775 000 ლარს შეადგენს, 2018 წლის სექტემბრის თვეში ამოქმედდება და დამატებით 15-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ შპს ,,ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში’’ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. სასტუმროს გაფართოვება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მიმდინარეობს. ახალი სასტუმროების გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას”,-განუცხადა knews.ge-ს გია გამტკიცულაშვილმა. 
ნაფარეულში მცხოვრები ტყუპი ძმები გელა და გია გამტკიცულაშვილები ღვინოს და რამდენიმე სახის ბიოპროდუქტსაც აწარმოებენ. მათ სოფელში მარანი, მცირე სასტუმრო და აგროტურისტული ცენტრი ,,ტყუპების საღვინე სახლი“ წლების წინ გახსნეს, სადაც პროდუქტს ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით ამზადებენ. ტყუპი ძმები საკუთარ ვენახებში მოკრეფილი ყურძნით ღვინოს ქვევრში, უძველესი ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით აყენებენ. 
ტყუპების განცხადებით, საღვინე სახლი მომხმარებელს მთელი წლის განმავლობაში სთავაზობს ღვინის ტურს, რომელიც მოიცავს ძველი მარნის, ღვინის მუზეუმის დათვალიერებას, მე-18 საუკუნის საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესს, ჭაჭის გამოხდას, თონეში პურის გამოცხობას და ჩურჩხელის ამოვლებას. 
გია გამტკიცულაშვილის თქმით, მათ მიერ წარმოებული რამდენიმე სახეობის კახური ღვინო „ქვევრის მზე” ადგილობრივი ბაზრის გარდა, გერმანიაში, რუსეთში, უკრაინასა და იაპონიაშიც იყიდება.
,,მე და ჩემმა ძმამ წლების წინ გადავწყვიტეთ მამა-პაპისეულ ადგილებში ვენახები გაგვეშენებინა. ღვინოს ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით ვაწარმოებთ, ისე როგორც მამა და პაპა ამზადებდნენ. ღვინის დაყენება ოჯახის ტრადიცია იყო და ახლა ეს ბიზნესად ვაქციეთ. ჩვენი ღვინოები ქვევრში მზადდება და სხვადასხვა მაღაზიაში იყიდება. დავაპატენტეთ იდეები, მაგალითად – ქვევრის ფორმის დიდი და მცირე ზომის ჭურჭელი, რითაც შეგვაქვს მაღაზიებში და ისე ვყიდით ღვინოს. ამ ეტაპზე 94 დიდი ზომის ქვევრი გვაქვს, სადაც ღვინოს ვაყენებთ. პროდუქციას ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე ვყიდით. ღვინის გარდა, ვაწარმოებთ ,,ტყუპების ჭაჭას”, ჩვენი პროდუქცია სუფთაა და ხარისხიანი. ასევე მოგვყავს ხახვი, კომბოსტო, ნესვი გოგრა, საზამთრო და სხვა პროდუქტები. ეს ყველაფერი სუფთა, ხარისხიანი და სანდოა. ბოსტნეულს ყოველგვარი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე ვაწარმოებთ”,- განუცხადა knews.ge-ს გია გამტკიცულაშვილმა.