ახალი ამბები

თელავში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პაციენტს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია. მისივე თქმით, დაშავებულს კისრის მალებისა და მენჯ-ბარძაყის მოტეხილობები აქვს. 
„ავარიის დროს დაშავებულის სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურია, მაგრამ მძიმე. პაციენტს მუცლის ღრუში გუშინვე ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. იგეგმება მეორე, ტრამვატოლოგიური ოპერაციაც. ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ მის ტრანსპორტირებას თბილისში. ჯერჯერობით ყველა სამედიცინო ჩარევა განხორციელდება თელავის რეფერალურ საავადმყოფოში“, – განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ჭონიაშვილმა. 
თელავში, რუსთვალის გამზირზე, ავტოავარია გუშინ, გვიან ღამით, მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, მეორე დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.