სტატიები

რომელი ქართული ღვინოებია ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი?

ოფიციალური მონაცემებით, ევროპის ქვეყნებში გაყიდული ბოთლის ღვინოებიდან 75% მოდის საფერავზე, რქაწითელზე – 20%, ხოლო სხვა სახის ღვინოების კი მხოლოდ 5% იყიდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, ადგილწარმოშობის დასახელების მიხედვით ლიდერობს „ქინძმარაული“ – 6 593 437 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 2 028 493, „წინანდალი“ – 1 468 126, „ახაშენი“ – 751 261, „ხვანჭკარა“ – 389 360, „ტვიში“ – 157 064, „ნაფარეული“ – 111 612 და ა.შ.
ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანია ,,თბილღვინოს“ მიერ წარმოებული ღვინო ევროპის ქვეყნებში იყიდება. კომპანია ამ დროისთვის რქაწითელს, საფერავს, წინანდალს, ნაფარეულს, მუკუზანს, ტვიშს, ახაშენს, ქინძმარაულს, ხვანჭკარას, ოჯალეშს და 26 სხვა სახეობის ღვინოს აწარმოებს. 
მისივე განცხადებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი.
კომპანიის დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი აცხადებს, რომ პროდუქცია მსოფლიოს 30 ქვეყანაში იყიდება, მაგრამ გასაღების ძირითი ბაზარი ევრპაა, სადაც რქაწითელი და საფერავი გააქვთ. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე წელიწადში დაახლოებით 3-4 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებენ. 
,,ჩვენი ღვინოების ექსპორტი ბევრ ქვეყანაში ხდება, ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელმაც დიდი რაოდენობით ღვინო ევროპის ქვეყნებში გასაყიდად გაგზავნა. ,,თბილღვინოს“ ღვინოები იყიდება ყაზახეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, კანადაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, შვედეთში, ჩინეთში, გერმანიაში, ინგლისში, ჰონგ–კონგში, ინდოეთსა და სხვა დიდ ქვეყნებში. 2010 წლიდან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და ჩვენმა კომპანიამ დაიწყო ჯერ ქვევრის თეთრი ღვინის წარმოება და უკვე 2012 წლიდან დავიწყეთ ქვევრის საფერავის წარმოება. ამ ეტაპზე 4 მილიონ ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებთ, თუმცა გვაქვს შესაძლებლობა მისი რაოდენობა 7 მილიონ ბოთლამდე გავზარდოთ’’, – განუცხადა knews.ge-ს ზურაბ მარგველაშვილმა.
რქაწითელსა და საფერავს ევროპის 5 ქვეყანაში ყიდის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მდებარე ბერიშვილების საოჯახო მარანი. კახა ბერიშვილი ამბობს, რომ მათ მიერ წარმოებული ღვინო ნატურალურია, რადგან ვენახის მოვლისას სასუქებსა და აგროქიმიკატებს არ მოიხმარს.
,,ჩვენ, ღვინოს მცირე რაოდენობას ვაწარმოებთ და ძირითადად სხვა ქვეყნების ბაზარზე გაგვაქვს – იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში და იაპონიაში. საქართველოში იყიდება მცირე რაოდენობით. ყველაზე მეტი რაც გვიწარმოებია წელიწადში 3 000 ბოთლია. საქართველოში ერთი ბოთლი ღვინოს ფასი 30 ლარია. მოთხოვნა იმდენად დიდია ართანულ ღვინოზე, რომ არამარტო ადგილობრივ, არამედ უცხოური ბაზრის მოთხოვნასაც ვერ ვაკმაყოფილებთ’’,- აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას კახა ბერიშვილი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მდებარე მარანმა „ბუნებურმა“ღვინო პირველად გასულ წელს გერმანიის ბაზარზე გაიტანა. მარნის მფლობელი ავთანდილ სულაძე აღნიშნავს, რომ „ბუნებურის“პროდუქციაზე მოთხოვნა ევროპის სხვა ქვეყნებშიც არის. 
„ვაწარმოებთ საფერავის და რქაწითელის ღვინოებს. საღვინედ ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის, ერთი ვენახის გადარჩეულ ყურძენს. მევენახეობაში არ გამოიყენება ჰერბიციდები და მინერალური სასუქები. ღვინის დაყენების და დავარგების ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში, ბუნებრივად, ზედმეტი ტექნოლოგიური ჩარევის და დანამატების გამოყენების გარეშე. რქაწითელის დაყენებას წელს უკვე ქვევრებშიც ვგეგმავთ. ღვინოს ექსპორტზე გერმანიაში გასულ წელს პირველად გავიტანეთ, თუმცა მცირე რაოდენობით. წელს უკვე უფრო დიდ რაოდენობაზეა მოთხოვნა. ჩვენ მიერ წარმოებული ღვინის გატანაზე მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც გვაქვს“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ავთანდილ სულაძე.