ახალი ამბები

სოფელ წინანდალში სასტუმრო რედისონი წელს გაიხსნება

სასტუმრო „რედისონი“ ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. პროექტს “სილქ როუდ ჯგუფი” „საპარნტიორო ფონდის“ ხელშეწყობით ახორციელებს. როგორც knews.ge-ს “სილქ როუდ ჯგუფში” განუცხადეს, ოთხსართულიანი, 120 ნომრიანი სასტუმრო თანამედროვე სტანდარტების არქიტექტურული ნაგებობა იქნება.
„სასტუმროში იქნება გარე საცურაო აუზი, შენობის ბოლო სართულზე სპა, „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე განთავსდება ღვინის ქარხანა, რომელიც შუშის ხიდით იქნება დაკავშირებული სპა-აუზთან, ფიტნეს კლუბთან, საკონფერენციო და ღონისძიებათა დარბაზებთან, ღია და დახურულ კაფე-რესტორნებთან, საკონფრენციო, საბანკეტო და სპეციალური ღონისძიებებისათვის განკუთვნილ ოთახთან, ბართან, ბიბლიოთეკასთან, მცირე ზომის კინოთეატრთან, ღია და დახურულ საბანკეტო დარბაზებთან, შიდა ეზოსთან და ღვინის სადეგუსტაციო ზონასთან. მთლიანი სამშენებლო ფართი დაახლოებით 18 000 კვ.მ.-ია. მოეწყობა სასეირნო, სარბენი და ველოსიპედის ბილიკები, ვერტმფრენის მოედანი, ღვინის ქარხანა და ვიზიტორთა ახალი ცენტრი. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბრენდული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ჩნდება რეგიონებში იმიტომ, რომ რეალურად ეს არის რეგიონის გამოჩენა მსოფლიოს რუკაზე. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ“, – განუცხადეს knews.ge-ს “სილქ როუდ ჯგუფში”. 
ბრენდირებული სასტუმროს მშენებლობისთვის 2017 წლის შემოდგომაზე 10 მილიონი დოლარი გამოყო უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC). პროექტის საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ დოლარია.