ახალი ამბები

თელავი-გურჯაანის და ბაკურციხე-წნორის გზების მშენებლობა 2019 წლიდან დაიწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი გზებზე განტვირთავს მოძრაობას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, რუსუდან ელიზბარაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება. 
,,გურჯაანსა და თელავში უკვე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, სადაც განვიხილეთ დაგეგმილ სამუშაოთა არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების გზები. ასევე დაინტერესებულ მოქალაქეებს, სოფლებში მერის წარმომადგენლებს სამუშაოების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში წარუდგინეთ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ყველა იმ საკითხს, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს სოფლებზე, ადგილობრივებზე და მიმდებარე სოფლების გარემოზე. ასევე გავნიხილეთ სამუშაოების მიმდინარეობის დროს და მას შემდეგ მოსალოდნელი ატმოსფეროს, ნიადაგის და წყლის დაბინძურების საკითხები. ვპირდებით მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად იქნება გათვალიწინებული შემარბილებელი ღონისძიებები იმისთვის, რომ დაცული იყოს მოსახლეობა ყველა სახის ზემოქმედებისგან. სამუშაოები 2019 წელს დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება’’,- განაცხადა რუსუდან ელიზბარაშვილმა.
საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. აღნიშნული საგზაო მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია. 2018-2020 წლებისთვის კახეთის რეგიონში 200 კმ-მდე გზის მოდერნიზება იგეგმება.