ახალი ამბები

წინანდალში გამოყვანილ ვაზის ნერგებზე მოთხოვნა გაიზარდა

 ვაზის ნერგის მწარმოებელი კომპანია ,,ჯეოპლანტის“ მთავარი აგრონომის, გელა ბაბუნიძის თქმით, სანერგე მეურნეობა წინანდალში 80 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული, საიდანაც 20 ჰექტარზე საძირე გამოჰყავთ, 20-ჰექტარზე კი, ყოველწლიური მონაცვლეობის რეჟიმში, ვაზის ნერგი იწარმოება. 
აგრონომის ინფორმაციით, ვაზის ნერგების გარდა, მოთხოვნა ვენახების გაშენებაზეც საგრძნობლად გაიზარდა.
“მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ შეკვეთებს მინიმუმ ერთი წლით ადრე ვიღებთ. თუ რამდენიმე წლის წინ ჩვენ მიერ წარმოებული ნერგის 70% ექსპორტზე გაგვქონდა, ახლა 100%-ით საქართველოში ვყიდით. ბოლო ორი წელია კომპანია 1,5 მილიონ ნერგს ყიდის, რაც მეურნეობის მაქსიმალური წარმადობაა. ძირითადი დამკვეთები ღვინის მსხვილი კომპანიები არიან, რომლებთანაც კონტრაქტები წინასწარ გვაქვს გაფორმებული. 2008-დან 2012 წლამდე ჩვენი ძირითადი გაყიდვები აზერბაიჯანსა და უკრაინაზე მოდიოდა, ახლა კი მათთვის ნერგი აღარ გვრჩება, მაშინ წელიწადში 400-500 ათას ნერგს ვყიდდით, ეხლა კი რეალიზაცია გასამმაგებულია და მოთხოვნას ბოლომდე ვერ ვაკმაყოფილებთ“ – განაცხადა გელა ბაბუნიძემ. 
“ჯეოპლანტის“ სანერგე მეურნეობა წინანდალში 2004 წელს, ფრანგი კონსულტანტების ჩართულობთ შეიქმნა. ამჟამად სანერგე მეურნეობაში აწარმოებენ ძირითადად ქართული ჯიშის ვაზის ნერგებს: საფერავს, რქაწითელს, კახურ მწვანეს, ქისს და ხიხვს. კომპანიაში, სეზონზე, 200 ადამიანია დასაქნებული.