ახალი ამბები

ლაგოდეხში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემიაში, რომელიც მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. 
საფეხბურთო აკადემიის გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფეხბურთის ფედერაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
ლევან კობიაშვილის განცხადებით, საფეხბურთო აკადემიის გახსნა ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ლაგოდეხის ბაზაზე ახალი საფარი დაიგო, დამონტაჟდა ახალი განათება და შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ეს ყველაფერი კი საშუალებას გვაძლევს, აკადემიამ სრულყოფილად იმუშაოს. აკადემიაში ორი გუნდი იქნება, რომელებიც აქ იცხოვრებენ, ივარჯიშებენ და, რა თქმა უნდა, განათლებას მიიღებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის აკადემია სრულიად კახეთის რეგიონს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს აკადემია რიგით მესამეა. ეს წინსვლა საშუალებას გვაძლევს, რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში და ამით ხელი შევუწყოთ ქართული ფეხბურთის განვითარებას’’, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ტექნიკური ცენტრის სრული რეკონსტრუქციისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოიყო. 
,,ლაგოდეხის ბაზაზე სტადიონის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა და დაიგო ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ამასთანავე სტადიონი აღიჭურვა 300 ლუქსიანი განათების სისტემით. სათამაშო მოედნის მოწყობასთან ერთად ბაზის ცენტრალურ შენობას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა – სრულად შეიცვალა კონდიცირების სისტემა და განახლდა ელექტროენერგიის წყარო. ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი სულ 110 ადამიანზეა გათვლილი. ნოდარ ახალკაცის სახელობის ფეხბურთის აკადემიის მთავარ მწვრთნელად გიორგი ნუსხელიძე იმუშავებს, მისი დამხმარეები კი ადგილობრივი სპეციალისტები – ალექსანდრე ჯაფარიძე, შიო შეყელაშვილი და ვახტანგ თანდაშვილი იქნებიან’’,- განუცხადეს Knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ლაგოდეხის განახლებულ ბაზაზე სამომავლოდ სრულფასოვანი შეკრების გავლა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შეეძლებათ.