თელავი 1918

ანა მარგველაშვილის ბლოგი

წინასაახალწლოდ მიმავალ წელს ვაჯამებ ხოლმე ჩემთვის: ვიხსენებ რას ვაკეთებდი, რამ წაიღო ძირითადი დრო, რა გამოვიდა და რა არა. ისე მოხდა, რომ მთელი 2017 წელი 100 წლის წინანდელი ამბების კვლევაში გამიტარებია. ამ კვლევებს თელავთან არაფერი ქონდათ საერთო, მაგრამ უცებ ერთი ფიქრი ამეკვიატა: ნეტა რა ხდებოდა თელავში ზუსტად 100 წლის წინ,  საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან _ 1918 წელს? როგორ ცხოვრობდა პატარა ქალაქი იმდროინდელი ისტორიული მოვლენებისა და  ცვლილებების ფონზე? რა ადარდებდა და ახარებდა? ასე ამეკვიატება ხოლმე ფიქრი და ვეღარ ვეშვები. ვერც ახლა მოვეშვი და ძველ გაზეთებს ჩავხედე: 1918 წლის „საქართველოს“, „საქართველოს რესპუბლიკას“, „სახალხო საქმეს“.

ინფორმაცია ქალაქზე საკმარისზე მეტი აღმოჩნდა. თელავი ქვეყანაში არსებული საერთო კონტექსტის შესაბამისად, დიდი და პატარა გამოწვევებისა და სიახლეების თანაზიარი იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ  1918 წლის თელავში, აქ მოთხრობილ ამბებზე გაცილებით მეტი ხდებოდა. მე მხოლოდ რამდენიმე ამბავი შევარჩიე.

1918 ისტორიულად მნიშვნელოვანი წელი იყო. რუსეთის იმპერია ახალი დაშლილი იყო. რევოლუციის შემდეგ კავკასიას ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი მართავდა, რომელსაც ხელთ რეალური ძალაუფლება არ ეჭირა. ძალაუფლება მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა საბჭოებს ჰქონდათ. შემდეგ საქართველოს _ პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არჩევითი ორგანო, ეროვნული საბჭო (აირჩიეს 1917 წლის ნოემბერში) მართავდა;  1918 წლის 26 მაისს, ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და თავად ამ ორგანოს საქართველოს პარლამენტი ეწოდა. დაიწყო მზადება დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის, რომელიც 1919 წლის თებერვალში ჩატარდა. 1918 წელსვე დაიწყო საქართველოში ერობის რეფორმა და  წლის ბოლოსთვის თელავსაც უკვე ჰყავდა არჩეული თვითმმართველი ორგანოები. ამ ყველაფრის ფონად  _ 1918 წლის პირველი კვირებიდან საქართველოს და სომხეთს უტევდა ოსმალეთის იმპერია, ამ ორი ქვეყნის ოკუპაციით მას აზერბაიჯანზე გასვლა უნდოდა. ქვეყანა საომარ მოქმედებებშია ჩართული. გერმანიის შუამავლობით და ძალისხმევით 1918 წლის ივნისში მოხერხდა ოსმალეთის შეჩერება, თუმცა მანამდე აპრილში ბათუმის დაკავება მოასწრეს, რაც საქართველოს დიდ პრობლემებს უქმნიდა. პირველი მსოფლიო ომი 1918 წლის შემოდგომაზე დასრულდა. ამ ომმა ბევრი რამე შეცვალა გეო-პოლიტიკაში და საქართველოსაც დააჩნია თავისი კვალი.

შიმშილობით, უნავთობით და ჩარჩებით შეწუხებული ქალაქი

მარტო თელავში კი არა, პირველი მსოფლიო ომის გამო დაცემული ეკონომიკის გადამკიდე, მთელ საქართველოში შიმშილი იყო; პრობლემამ თავი განსაკუთრებით 1917-1918 წლებში იჩინა: უსურსათობა, უნავთობა, დეფიციტური საქონელი და არსებულის სიძვირე, ცხოვრება ქალაქებში ამის გამო განსაკუთრებით ჭირდა. 1918 წელს, თელავის შესახებ საგაზეთო ინფორმაცია სწორედ ამ მოვლენებით იწყება და მთელი წლის ლაიტმოტივად გასდევს ქალაქის ცხოვრებას. შიოდა პატარა ქალაქს, არც პური იშოვებოდა, არც ნავთი და ფასებს კი ცეცხლი ეკიდა. ადგილობრივი მთავრობა გულხელდაკრეფილი კი არ იჯდა! ჯერ ერთი, ცდილობდა საკუთარი მოქალაქეების გამხნევებას და ეს პატარა საქმე როდი იყო. ამის გარდა, ზრუნავდა, სურსათი მეზობელი ქვეყნებიდან შემოეტანა: „რადგანაც აქ სრულიად გამოილია სურსათი. ამის გამო, ქალაქის თვითმმართველობამ განცხადება გამოაკრა ქუჩებში, რომლითაც ამხნევებს, აფრთხილებს და ურჩევს მცხოვრებთ, რომ მოთმინებით გადიტანონ ეს დროებითი მოვლენა ვიდრე სურსათს მოაშველებდნენ, რისთვისაც უკვე გაგზავნილები არიან კაცები თბილისში, სოფლებში და ჩრდილო კავკასიაში. ამას გარდა, ურჩევს შეძლებულ მოქალაქეთ შეიძინონ ვისაც რამდენი შეუძლიან სურსათი და, ვინც შეიძენს, სთხოვს პურის ბარათები უკან დაუბრუნონ თვითმმართველობას და ამით შეძლება მისცენ მას უზრუნველყოს თელავის უღარიბესი მცხოვრებნი სურსათის მხრივ.“ (გაზეთი „საქართველო“ № 26 / 01.02.18). თელავს მზრუნველი ქალაქის საბჭო ჰყავდა. და ეს მზრუნველობა 1918 წელს სხვა მოვლენების დროსაც გამოჩნდება.

ადგილობრივი მთავრობის ძალისხმევა ეტყობა პერიოდულად და მოკლე ვადით აგვარებდა პრობლემას.  მარტში და პრინციპში მარტიდან მოყოლებული წლის ბოლომდე ქალაქში ნავთის მთლიანი რესურსი ამუწურული იყო; ამავე თვეში ქალაქის თვითმმართველობამ ერთი ვაგონი შაქარი მიიღო (საქართელო № 69 /  29.03.18). როგორ ახერხებდა თვითმმართველობა პროდუქტის განაწილებას თელაველებზე, ეს პერიოდიკიდან არ ჩანს. სავარაუდოდ, უპირატესობა უფრო ღარიბ მოსახლეობას ენიჭებოდა. ივლისში იმედგაცრუების და გაჭირვების ახალმა ტალღამ გადაუარა ქალაქს. როგორც ავტორი, ფსევდონიმით „მეგობარი“, წერდა: თელაველები აქამდე საქართველოში გაბატონებულ შიმშილობას უფრო მედგრად და იმედიანად უყურებდნენ. საქმე ის  გახლდათ, რომ 1917 წლის მძიმე გამოცდილება თელავის შემოგარენში მცხოვრებმა გლეხებმა გაითვალისწინეს და 1918 წლისათვის გაცილებით მეტი მიწა დაამუშავეს; იმდენად ბევრი, რომ „თითქმის ერთი დღიური მიწაც კი არ დარჩა ისე მომცდარი, რომ პური, ქერი, სიმინდი ან ფეტვი მაინც არ იყოს დათესილი“. ამინდმაც ხელი შეუწყო გლეხებს და მოკლედ, მოსავალს კარგი პირი უჩანდა, რის გამოც თელაველები (აქვე უნდა ვთქვათ, რომ თელაველებში ხშირად თელავის მთლიანი მაზრის მაცხოვრებლები იგულისხმება) იმედიანად იყვნენ: პური მაზრის სოფლებში მცხოვრებ გლეხობასაც და მათაც ექნებოდათ და ამ მძიმე „სიმშილობას“ როგორმე გადაიტანდნენ. ადგილობრივი მხვნელ-მთესველნი მოსავალს მოიყვანდნენ, არამხვნელ-მთესველნი კი, შეისყიდიდნენ. ასე მოახერხებდა თელავის მაზრა თავის თავზე ზრუნვას. მაგრამ, მიუხედავად მართლაც უხვი მოსავლისა, თელაველებს იმედები წყალში ჩაეყარათ _ პური ქალაქში იშვიათად ჩნდებოდა, ისიც ნახევრად მიწაგარეული და თან ეს მიწიანი პური 8-9 მანეთი ღირდა (გაზეთი საქართველო № 145 / 23 ივლისი). რამ გამოიწვია ეს გაუგებრობა და „გაუმაძღარმა ჩარჩებმა“. სტატიის ავტორი და არა მარტო ის, ჩარჩების მოქმედებას სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელს უწოდებს „ამ ვაჟბატონებმა გაიგეს თუ არა, რომ ქერები უნდა გაჭრილიყო, მაშინვე გასწიეს სოფლებისაკენ ქერის და პურის სასყიდლად და ბეიების დასარიგებლად“. თუ ასე გაგრძელდებოდა ჩვენს საქართველოს რესპუბლიკასაც არ დაადგებოდა კარგი დღე, ფიქრობდა ავტორი.  

ჩარჩებმა, რომელთაც ხელთ ფული ჰქონდათ და ამით საბითუმო შესყიდვის დროს უპირატესობით სარგებლობდნენ, კახეთის რკინიგზით და გომბორის „შოსე გზით“ გაზიდეს მთელი პური თბილისში, სადაც გირვანქას (0,496 კგ) 4-5 მანეთად ჰყიდდნენ.  თელავის სადგურს თავს არიდებდნენ, რადგან აქ რამდენიმეჯერ მილიციამ გააჩერა და ტვირთიც დაუკავა. ამიტომ პური თელავის შემოგარენი სოფლებიდან, ქალაქის გვერდის ავლით მიდიოდა პირდაპირ თბილისში: თელავის მცხოვრებნი კი შიმშილით იხოცებოდნენ.  ჩარჩებისგან განსხვავებით, ქალაქის ადგილობრივ ღარიბ მოსახლეობას აბა სად შეეძლო გირვანქაში 5 მანეთის გადახდა? „ეხლა დიდ საგონებელში არიან ჩაცვივნულები აქაური უღარიბესი მცხოვრებნი, აღარ იციან, რა გზას დაადგნენ, აღარ იციან, ვის მიჰმართონ, რომ სიმშილით არ ამოწყდნენ და ყველა უიმედოთ გამოიყურება, ყველა დარწმუნებულია, რომ ვერავინ შესძლებს გაუმაძღარ ჩარჩების ალაგმვას“.  ბაზრის უხილავი ხელის იმედზე აღარ უნდოდათ დარჩენა თელაველებს და  ალბათ არა მარტო თელაველებს. ვინ იყო მომხრე სახელმწიფო რეგულაციების შემოღებისა და ვინ არა, ეს უცნობია, თუმცა ამ პერიოდში ჩარჩებზე მოსახლეობის გაღიზიანება დიდი იყო _ მათ სპეკულიანტებს უწოდებდნენ, მათი საქმიანობა იგმობოდა სხვადასხვა წრის მიერ და მთავრობაც გარკვეულწილად ებრძოდა. სტატიის ავტორი „მეგობარი“ გამოსავალს პურზე მთავრობის მონოპოლიაში ხედავდა  და თვლიდა, რომ სახელმწიფო ბეღელი ყველა სამაზრო ქალაქში უნდა გახსნილიყო, სოფლებში კი კოოპერატივების თუ სხვათა ბაზაზე ამ ბეღელს განყოფილებები უნდა ჰქონოდა. სოფლებში საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარებულიყო, რათა სოფლის მაცხოვრებლებს პური მხოლოდ სახელმწიფოს წარმომადგენლისათვის მიეყიდათ. ფასიც მთავრობას უნდა დაედგინა: „მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მთავრობა ისეთ მცირე ფასსაც არ გადასწყვეტს, რომ პურის პატრონმა იზარალოს და არც ისეთს, რომ სოფლის მუშა პურის პატრონმა ქალაქის მუშა დაახრჩოს ფქვილის დაძვირებით“. მისი აზრით, თელავი, და არა მარტო თელავი, ამ გზით მოიშორებდა თავიდან ჩარჩებს, ფასის ხელოვნურ ზრდას და მაზრის ტერიტორიაზე მოსული მოსავალი მაზრას მოხმარდებოდა, სოფელსაც და ქალაქსაც (გაზეთი საქართველო № 145 / 23 ივლისი). ჩარჩებს, ჩანს, ამ წელს ვერაფერი მოუხერხეს. 1918 წლის ბოლოს ისინი დეფიციტური პროდუქტის ფასით ისევ სპეკულირებდნენ. ხელოვნურად გაზრდილი ფასები პურსა და ნავთზე თელავის ღარიბი მოსახლეობისთვის დიდი ტვირთი იყო. 1918 წლის მარტისა არ იყოს, ნავთი ნოემბერში პურივით ხელმიუწვდომელი გახდა და ერთი გირვანქა ჩარჩებთან 15 მანეთი ღირდა; არადა, ქალაქში ამ დროს უკვე დიდი თოვლი იდო, „ნამდვილი ზამთარი“  იდგა და ძალიან ციოდა (საქართველო № 231 / 30 ნოემბერი). ამ შიმშილობის ფონზე არაკეთილსინდისიერი ვაჭრობაც იჩენდა ხოლმე თავს. მაგ. საქართველოს რესპუბლიკა № 96. 20.11.1918 წერდა: „ამჟამად ქალაქში დიდძალი ძროხის ხორცი იყიდება, თუმცა წინედ 3 მან. ნაკლებ არა ჰყიდდნენ, მაგრამ ახლა 1 მ. 50 კ-ად იხვეწებიან. როგორც გამოირკვა ჭირიანი საქონელი უხოციათ და ზოგს კიდევ უსულო უტყავებია და ისე ამოუტანიათ გასაყიდად.“

 

ქალაქი მოაგარაკეების წინააღმდეგ

შიმშილობა და გაჭირვება, ჩარჩების თავაშვებულობა სხვა სფეროებზეც ახდენდა გავლენას. საინტერესოა, რომ 1918 წელს, თელავს  უპრეცედენტოდ ბევრი დამსვენებელი-მოაგარაკე ეწვია. ახლა დამსვენებელ-ტურისტთა ასეთ მოზღვავებაზე მხოლოდ ოცნებობენ პატარა თუ დიდი ქალაქები და რეგიონები, მაშინ კი საქმე სხვა რამეში და სხვაგვარად იყო. ჯერ ერთი, თელავი ინფრასტრუქტურულად არ იყო მზად ამდენი მოაგარაკის მისაღებად. არ იყო საკმარისი ბინა. ამის გამო ხშირად ერთ ოთახში რამდენიმე სული იყო შეხიზნული. თუმცა ეს მათი პრობლემა იყო!

რამ გამოიწვია თელავის ასეთი მოულოდნელი პოპულარობა? ახლა გაახსენდათ მოაგარაკეებს ქალაქის შესანიშნავი ადგილმდებარეობა, ხედები და სუფთა ჰაერი? საქმე ის გახლდათ, რომ მიუხედავად ზემოთ მოყოლილი ამბებისა, ცხოვრება თელავში თბილისთან შედარებით გაცილებით იაფი იყო. ამიტომ მოაგარაკეთა მასა თელავისკენ დაიძრა. „ამნაირად თელავი აივსო მოსულ ხალხით, რომელნიც რამდენიმე ნაწილად განიყოფება: მოაგარაკენი, რომელნიც ჩვეულებრივ მოდიან ხოლმე ზაფხულს, რადგანაც ამათ თელავთან რაიმე დამოკიდებულება აქვთ! მოაგარაკენი,  რომელნიც სხვაგან მიდიოდნენ და წელს პირველად ესტუმრნენ თელავს და არავითარ საშუალებას არა ზოგავენ ფუფუნებისთვის და მოაგარაკენი ე.ი. პირდაპირ სპეკულიაციისათვის მოსული ხალხი, რომელთაც ჩარჩული ქსელი ყველგან გააბეს, დაიწყეს ტფილისში მიმოსვლა და არცა ფიქრობენ თელავიდან წასვლას და ძალა უნებურად მკვიდრთ თავიანთ წინააღდმეგ ამხედრებენ.“ ანუ ცხოვრებამ გაძვირება დაიწყო. მოაგარაკეთა ნაკადი კი აღარ წყდებოდა, რასაც შიმშილის და სიძვირის გარდა, ის შიშიც დაემატა, რომ ქალაქში საქართველოში იმხანად გავრცელებული ხოლერა უფრო ადვილად შემოაღწევდა. ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება და მოაგარაკეთა „სპეკულიანტობით“ დაკავებულ ნაწილთან დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ ქალაქის საბჭოში სპეციალური სხდომა გაიმართა:  „რომელზედაც დიდძალი საზოგადოება დაესწრო და გარეშეთაც მიეცათ სათათბირო ხმის უფლება. სამწუხაროდ, კამათი ეროვნულ ხასიათს ვერ ასცდა და მეტად მწვავე ხასიათი მიიღო. ბოლოს, ხმის უმრავლესობით დაადგინეს: თელავში მოაგარაკეთა შემოსვლა დაუყოვნებლივ აიკრძალოს, რაც შეეხება უკვე მოსულებს, ვისაც რაიმე კავშირი არა აქვს თელავთან, წინადადება მიეცეთ ერთი კვირის განმავლობაში დასტოვონ ქალაქი.“  (საქართველოს რესპუბლიკა, № 9 / 3 აგვისტო 1918; სახალხო საქმე № 299 / 6 აგვიტო / 1918). ასე იბრძოდა ქალაქი საკუთარი ინტერესების დასაცავად.

კულტურა და საზოგადოება

1918 წლის მაისში,  მოქალაქე კ. ონიკაშვილმა და გ. კიკვაძემ „ედემის“ ბაღში (წესით ეს იყო ამჟამინდელი თეატრის გვერდით მდებარე სკვერი, თუმცა თავს ვერ დავდებ) ააშენეს თეატრის დიდი ხის შენობა, სცენა უკვე გამართვის პროცესში იყო. ამბობდნენ „მსახიობი პ. კორაშელი აპირებს ადგილობრივ სცენის მოყვარეთაგან დრამატიულ დასის შედგენასო და ამ შენობის ქირაობას, რომ იქ მთელი ზაფხულის განმავლობაში ქართულად წარმოდგენები ჰმართოსო.“ (საქართველო, № 103. 29 მაისი). ღია, საჯარო სივრცეებში საზაფხულო ღონისძიებების ჩატარება და კულტურის პროგრამების ხელმისაწვდომობა, როგორც ჩანს, თელავის ტრადიციაა და დღესაც,  ნადიკვარზე,  ღია სცენაზე მთელი ზაფხული დატვირთული პროგრამა არის ხოლმე: კონცერტები, წარმოდგენები (არაფერი ჯობს ზაფხულის ცხელი დღის ბოლოს, ნადიკვარზე გასეირნებას. კავკასიონის და ალაზნის გადახედვას. პარკი სავსეა მოსეირნე ადამიანებით და საღამოს სიგრილეს შვება მოაქვს).

თელავის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაზე და კერძოდ, თელავის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის შესახებ, საინტერესო ცნობებს გვაწვდის გაზეთი სახალხო საქმე (№ 260 / 19 ივნისი). ამხანაგობები და სასოფლო-სამეურნეო თუ საკრედიტო კოოპერაცია იმ დროის საქართველოში თანამშრომლობის მიღებული და გავრცელებული ფორმა იყო. თავისი არსით ეს იყო მცირემიწიანი გლეხების გაძლიერებაზე ორიენტირებული, ერთგვარი თვითმოქმედების და თვითდახმარების ფორმა. თელავის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა ერთ-ერთ თვალსაჩინო საკრედიტო დაწესებულებად ითვლებოდა არა მარტო თელავის მაზრაში, არამედ მთელს კახეთში. ამხანაგობა მრავალმხრივ საქმიანობას ეწეოდა წევრების, გლეხების სასარგებლოდ და გარდა ამ მრავალმხრივი ოპერაციებისა, ადგილობრივი კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების დიდი ქომაგი და მხარდამჭერი იყო. მისი მოქმედების არეალი, გარდა უშუალოდ თელავისა, ოთხ დიდ სოფელსაც მოიცავდა. ეს სოფლები იყო: კურდღელაური, შალაური, ვარდისუბანი და გულგულა.  ამხანაგობას 1918 წლის მდგომარეობით სამიათასამდე წევრი ჰყავდა; წევრთა დიდი უმრავლესობა, ცხადია, სოფლის მშრომელი გლეხობა და თელავის წვრილი ხელოსნები იყვნენ. ამხანაგობის საქმიანობის მიმართულებები და მასშტაბი, მისი არსებობის ისტორია ცალკე კვლევის ამბავია, საინტერესო ჩვენთვის კი ის  არის, რომ 1918 წლის 9 ივნისს ამხანაგობის რწმუნებულთა კრება დასრულდა, რომელიც რამდენიმე კრებისგან შედგებოდა და 19 მაისს დაიწყო. 2017 წლის ანგარიშის წარდგენის გარდა (ბალანსი 585 658 მანეთი; ბრუნვა: 815 6310 მანეთი; მოგება 20 174 მან.), კრებამ მოგების განაწილებაზე იმსჯელა და რამდენადაც განაწილებული თანხები პრესაში გამოქვეყნდა, ჩვენ საშუალება გვაქვს გავიაზროთ როგორ ედგა გვერდში კერძო ინიციატივა საკუთარ წევრებს, ქალაქს და ზოგადად, ქვეყანას:

მოგება კრებამ ამხანაგობის გამგეობის და საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად გაანაწილა: სათადარიგო თანხა _ 2017 მან; საშუამავლო თანხა _ 1000 მან; საქართველოს ეროვნულ საბჭოს _  5000 მან; თელავის თავდაცვის კომიტეტს _ 2000 მან; ქართულ უნივერსიტეტს _ 1000 მან; წერა-კითხვის საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლას _ 1000 მან; ამხანაგობის ოთხივე სოფელს საკულტურო საქმეებისთვის _ 1000 მან. ხოლო დანარჩენი მოგება განაწილდა სხვადასხვა საკულტურო საზოგადოებათა შორის. და დამატებით, თელავის ახლად გახსნილ საავადმყოფოს მოგებიდან 1000 მანეთი შესწირეს იმ პირობით, რომ ამ ფულიდან ამხანაგობის წევრი სოფლების უღარიბეს მცხოვრებთ საექიმო დახმარებას აღმოუჩენდნენ. საქმესთან მაშინდელი დამოკიდებულება, თანამშრომლობის უნარი და პირადი ინტერესების მიღმა საერთო საქმის ეს შესაშური აღქმა დღეს ხშირად სანატრელია.

ქალაქის სამედიცინო ამბები

ახლად გახსნილი საავადმყოფო ვახსენეთ და ბარემ ვნახოთ 1918 წელს სამედიცინო სფეროში რა ხდებოდა ქალაქში:  1918 წლის 7 მაისს გაიხსნა ქალაქის საავადმყოფო, სადაც მუდმივი საწოლებიც იყო და სამშობიარო განყოფილებაც მოქმედებდა; სიღარიბის მოწმობის მქონე პირებს (ასეთი ცნობა კი ქალაქის თვითმმართველობისგან მიიღებოდა), საექიმო დახმარებას უფასოდ უწევდნენ და წამლებსაც უფასოდ აძლევდნენ (საქართველო № 96 / 21 მაისი). 1918 წლის ნოემბრისთვის კახეთში გავრცელებული „ისპანიური დაავადება“ (ისპანკა _ 1918 წელს მთელს მსოფლიოში იყო გავრცელებული და გრიპის ამ ფორმას დიდ მსხვერპლიც მოჰყვა) იყო გამოწვევა; ზოგ რაიონს ექიმი ჰყავდა, წამალი კი მხოლოდ რაიონულ ცენტრში, ანუ თელავში იყიდებოდა. სოფლებისთვის თელავი ხშირად არ იყო ადვილად მისაწვდომი, ადამიანებს წამლის შეძენა უგვიანდებოდათ და ამის გამო კი ისპანკის მსხვერპლი იზრდებოდა.  თელავის ახლად შემოღებული ერობის გამგეობამ ეს საკითხი გულთან ახლოს მიიტანა, იმსჯელა და დაადგინა: „სასწრაფოდ აღიძრას შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რათა თელავის მაზრის ერობას მისცეს საჭირო წამლები სოფლის მცხოვრებთა საჭიროებისათვის. ამ საქმისთვის თბილისში ექიმი ალ. ხითაროვი წავიდა, რომელიც ამასთანავე ერობის გამგეობის წევრია“  (საქ. რესპ. № 96 / 20.11.18).

თელავის სამედიცინო სფეროში მიმდინარე საკითხებზე სამსჯელოდ ქალაქის საბჭო ნოემბრის ბოლოსაც შეიკრიბა და ექიმ რუსიშვილის მეტად საყურადღებო საქმე განიხილა. სხდომას თელავში მყოფი ყველა ექიმი ესწრებოდა.  ექიმ რუსიშვილს თელავში სადოსტაქრო (ქირურგიული) გაუხსნია და მერე საერთო პროფილის საავადმყოფოდ გადაუქცევია, სადაც ავადმყოფებსაც აწვენდა. ამის (პროფილის გაფართოების) ნებართვა მას არ ჰქონდა; ასევე უყურადღებოდ დატოვა ქალაქის გამგეობის შეკითხვაც, რომელიც გარკვეული ხნის წინ გაუგზავნეს მას.  „რუსიშვილი საჭირო წამლების შესაძენად ავადმყოფებს ცისკარაშვილის აფთიაქის მაღაზიაში, სადაც უმზადებიათ წამლები, რომლის ნებაც არა ჰქონიათ.“ ეს საკითხი თვალში მოხვდა ქალაქის გამგეობასაც და კახეთის ექიმთა კავშირის გამგეობასაც;  მათ საქმე მოიკვლიეს და ინფორმაცია (გამოძიების შესახებ) თელავის თვითმმართველობას გადასცეს.  საბჭოს სპეციალურ სხდომაზე ჯერ ექიმ რუსიშვილს დაუსვეს შეკითხვები. იმსჯელეს, იბაასეს, ასწონ-დასწონეს და ექიმ რუსიშვილის საავადმყოფოს მოქმედება შეუჩერეს „ვიდრე იგი კანონიერ მოთხოვნილებებს შეასრულებდეს და ნებართვას აიღებდეს“ („საქართველოს რესპუბლიკა“, 1918, № 110 /  7 დეკემბერი). განა საავადმყოფოს ერჩოდა ვინმე? მაგრამ, წესი-წესი იყო და შესაბამისი ნებართვის გარეშე მუშაობა არ შეიძლებოდა.

განათლება: ვნებათაღელვა სასულიერო სასწავლებლის გარშემო

თელავში ამ დროისათვის რამდენიმე სასწავლებელი იყო, მათ შორის ქალთა გიმნაზია, ვაჟთა გიმნაზია და სასულიერო სასწავლებელი და სხვ. ძირითადი ვნებათაღელვა 100 წლის წინანდელ თელავში სწორედ სასულიერო სასწავლებლის გარშემო მიმდინარეობდა: რევოლუციის შემდეგ სამღვდელოების ავტორიტეტი დაეცა და იყო მცდელობა რიგი პროცესების გამიჯვნისა საერო და საეკლესიო სტურქტურებს შორის. ცხადია, ცვლილებები მტკივნეულად ხორციელდებოდა და ყოველთვის ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ იყო. მაგ., თელავის მოსახლეობის ნაწილი იმას წუხდა, რომ სასულიერო სასწავლებლის მართვის პროცესიდან სამღვდელოების იგნორირება და დისტანცირება ხდებოდა პედაგოგიური საბჭოს მიერ. პრობლემას კი ის  ქმნიდა, რომ თელავის სასულიერო სასწავლებლის შენობა სწორედ სამღვდელოებას ეკუთვნოდა და ისტორიულად ისინი ყოველთვის ჩართულები იყვნენ სკოლის მმართველობაში. პედსაბჭომ 1918 წელს არა მხოლოდ გარიყა სამღვდელოება სასწავლებლის მართვის პროცესისაგან, არამედ შენობაც თავის საკუთრებად გამოაცხადა. მეტიც, სამღვდელოებასთან ყოველგვარი კოორდინაციის გარეშე, პედსაბჭომ აღძრა შუამდგომლობა თელავის სასულიერო სასწავლებლის გიმნაზიად გადაკეთების მოთხოვნით.

სწორედ აქ წარმოიშვა პირველი პრობლემები. საქმე ის იყო, რომ  თელავში არსებობდა ვაჟთა გიმნაზიაც, რომელსაც საკუთარი შენობა არ ჰქონდა და კერძო სახლში იყო  განთავსებული. ადრე ვაჟთა გიმნაზიას თავადაზნაურობა და ქალაქი ეხმარებოდა. რევოლუციის შემდეგ, ეს დახმარება შეწყდა და გიმნაზიის შესანახი ხარჯები ისედაც  „სუსტ ხაზინას“ დააწვა ტვირთად. ახლა, როცა სასულიერო სემინარიამ ასევე გიმნაზიად გადაკეთება მოისურვა, გაჩნდა იდეა ამ ორი სასწავლებლის გაერთიანებისა და გაერთიანებული გიმნაზიის განთავსებისა სასულიერო სემინარიის შენობაში, რომელიც სამღვდელოებას, ახლა კი პედსაბჭოს განცხადებით უშუალოდ სემინარიას ეკუთვნოდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა სასულიერო სასწავლებლის პედსაბჭომ თავის შეცდომა, მიხვდა რომ იჩქარა და გაუაზრებლად ჩამოაცილა მენეჯმენტს სამღვდელოება და „დაიწყო ისევ იმათკენ ყურება“ და მტკიცება, ჩვენ ვერ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან  შენობა ჩვენი არ არისო. მოკლედ შეიქმნა კრიზისი.  მასწავლებლებს არავინ უსმენდა, მათ სიტყვას და მოსაზრებას მსგავს მმართველობით საკითხებთან დაკავშირებით წონა არა ჰქონდა, როგორიც სამღვდელოებისას; ანუ პედსაბჭო ვერ ახდენდა მისთვის სასურველ გავლენას გადაწყვეტილებაზე; სამღვდელოება კი, ვისაც მიუხედავად შეცვლილი ვითარებისა სიტყვა ეთქმოდა, ცოტა ხნის წინ არაკეთილსინდისიერად ჩამოაცილეს სასწავლებლის მართვა-გამგეობას. არადა, ვაჟთა გიმნაზიასთან შეერთება არ უნდოდათ, თავის შენობაში ძლივს ეტეოდნენ  და ორი სასწავლებლის შეერთება ხომ ისედაც უამრავ პრობლემასთან იქნებოდა დაკავშირებული. დარჩა ბოლო სიტყვა სამღვდელოებაზე, რადგან შენობა მათი იყო (გაზეთი „საქართველო“, № 146/ 24 ივლისი). მართლაც, 3 აგვისტოს გაიმართა ალავერდის საეპარქიო კრება, სადაც ერთ-ერთ საკითხად სწორედ თელავის სასულიერო სასწავლებლის და ვაჟთა გიმნაზიის შეერთების საკითხი განიხილებოდა, რაც კრებამ შეუძლებლად სცნო. თუმცა სემინარიის გიმნაზიად გადაკეთებას მხარი დაუჭირა. ასევე ნება დართო ალავერდის ეპისკოპოსს განთავსებულიყო სასწავლებლის შენობაში, როგორც სამღვდელოების საკუთრებაში. როგორც ჩანს, სკოლაში პედსაბჭოს წევრები, მასწავლებლები  _ მარკოზაშვილი და ედილაშვილი ცხოვრობდნენ, სამღვდელოების უნებართოდ. კრებამ დაადგინა, რომ მათ „წინადადება მიეცეთ“ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სასწავლებლის შენობა (საქართველოს რესპუბლიკა, №  9 / 3 აგვისტო 1918). სწორედ აქედან იწყება გაუგებრობების და დავის მეორე ტალღა.

მარკოზაშვილი-ედილაშვილი დაკავებული ოთახების გათავისუფლებას არ ფიქრობდნენ. ეს ამბავი ვიღაც-ვიღაცებს ძალიან არ მოსწონდათ; იმდენად, რომ ვინმე ლ. გ-ძემ, 19 ოქტომბრის „სახალხო საქმეში“ (№ 361) აღნიშნულ თემას კრიტიკული წერილი მიუძღვნა. ის, თელავის სასულიერო სასწავლებელს უპატრონოდ მოიხსენიებს და მართალია ლ. გ-ძე. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, არც ძველ, ეგზარხოსების და მათ მიერ გათამამებული უფროსების  „შავრაზმულ“ მმართველობას უჭერდა მხარს (რევოლუციამდე), მაგრამ არც დღევანდელი ვითარებით იყო კმაყოფილი.  ჯერ კიდევ ძველი მმართველები სათავისოდ იყენებდნენ შენობას და სასწავლებლის ოთახებში თავიანთ ნათესავებსაც კი აცხოვრებდნენ: „ამავე დროს კი, მოსწავლეთ სკოლის კედლებს გარეთ დასტოვებდნენ და ვითომ შენობის სივიწროვის გამო ნებას არ აძლევდნენ მეორედ დარჩომილიყო თუნდაც ავადმყოფობის გამო შეგირდი, მაშინვე ითხოვდნენ.“

რევოლუციის და საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მართალია, სასწავლებელს ის პირები ჩამოშორდნენ ადრე მის განვითარებას „ტორმოზად“ რომ გახდომოდნენ, მაგრამ სამაგიეროდ ვერც ახლებმა ივარგეს და ამათაც  თავისუფლება თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს. შესახლდნენ სასწავლებლის შენობაში და „არას გზით აღარ უნდათ მისი განთავისუფლება.“  აგერ უკვე „მეორე წელიწადი მიდის განცხრომით სცხოვრობენ და ჰსარგებლობენ მთელი ეზო-ყურით და სკოლის მოსამსახურეებით.“  სტატიის ავტორი იმას წუხდა, ახლა, როცა ასე გაძვირდა ცხოვრება და ბევრი მოწაფე იძულებული გახდა სწავლას თავი დაანებოს სწორედ უბინაობის გამო, განა უკეთესი არ იქნებოდა სასწავლებლის ოთახები სწორედ მოსწავლეებისათვის რომ დაეთმოთ? ასეთი პრაქტიკა წინა წლიდან მოყოლებული თბილისში (სასულიერო სემინარიაში) თურმე  უკვე არსებობდა. მოსწავლეებს ბინის პრობლემა მოგვარებული რომ ჰქონოდათ, ოჯახები სურსათით დაეხმარებოდნენ და ამ გზით, უფრო მეტს მიეცემოდა სწავლის გაგრძელების საშუალება: „სწორედ ეს ღარიბი შეგირდები მოიყვანა უმთავრეს საბუთად ამ ზაფხულს საეპარქიო კრებამ, რომ ეს სასწავლებელი გიმნაზიას არ დაუთმო და წინადადება მისცა იქ უკანონოდ ჩასახლებულ პირებს დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ სასწავლებლის შენობა, მაგრამ კრება დაიშალა და ეს რაინდი მასწავლებლები დღესაც არხეინად სცხოვრობენ სასწავლებლის შენობაში, მაშინ, როცა უბინაო მოსწავლენი აქეთ-იქეთ საცოდავად დადიან. ვინ უნდა მოიღოს ხმა, როცა მოსწავლეებს არა ჰყავთ გულშემატკივარი არათუ ამათ, თვით სასწავლებელიც უპატრონოდ არის მიტოვებული. ახლაც არაა გამორკვეული რომლის უწყებაშია, სასულიერო თუ განათლების სამინისტროსი, არა ჰყავს არც ზედამხედველი, არც მისი თანაშემწე“  _ წუხდა ლ.გ-ძე.

კრიტიკული წერილი, ადრესატებს ცხადია არ ესიამოვნათ და იმავე გაზეთის ფურცლებზე (№ 399/3.12.18) გამოეხმაურნენ: ავტორს ადანაშაულებდნენ, კონკრეტულად ჩვენს წინააღმდეგ არის ნეგატიურად განწყობილი, თორემ მართლა კი არ ადარდებს მოსწავლეთა უბინაობის საკითხიო. მათ თავიანთი არგუმენტები ჰქონდათ, რომლებიც საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა; ჯერ ერთი, წერდნენ ისინი, მოსწავლეებს ამ შენობაში არასოდეს უცხოვრიათ და ეს პრაქტიკა რომც დაინერგოს, შეგირდებს ძალიან გაუჭირდებოდათ, რადგან ასაკის გამო არ იყვნენ მიჩვეულები ზედამხედველობის გარეშე, დამოუკიდებელ ცხოვრებას. კერძო სახლის პატრონებთან, სადაც ისინი ოთახებს ქირაობდნენ კვებითაც უზრუნველყოფილები იყვნენ. ეს მათთვის ხელსაყრელი იყო; გარდა ამისა, გასულ წელს სასულიერო და წმ. ნინოს სასწავლებლებმა იმსჯელეს მოსწავლეების სასწავლებლების შენობებში ცხოვრების საკითხზე და ორივე პედაგოგიურმა საბჭომ ერთხმად უარყო ეს იდეა. მეორე: თუ კონკრეტულად ამ ორი პედაგოგის ჯავრი არა ჰქონდა კრიტიკის ავტორს, რატომ არაფერს წერდა ამავე სასწავლებელი, სამ ოთახში განთავსებულ მღვდელმთავარზე და მის კანცელარიაზე ან  იმაზე, რომ თელავის სხვა სასწავლებელში ექვსი თუ შვიდი ქალი პედაგოგი ცხოვრობს? კორესპონდენტი თუ პრინციპიალურად წინააღდმეგი იყო მსგავსი მოვლენისა, მას მხოლოდ მარკოზაშვილი-ედილაშვილის საკითხზე არ უნდა გაემახვილებინა ყურადღება. და ბოლოს: პედაგოგებმა ოთახები პედსაბჭოს თანხმობით დაიკავეს და საერთოდ „ნუ თუ მასწავლებელი უცხო ვინმეა სასწავლებლისთვის? განა სასწავლებელს რომ ჰქონდეს საშუალება ყველა მასწავლებლები სასწავლებელში მოათავსოს, ეს ეწინააღმდეგება რაიმე პედაგოგიურს ან სხვა მოსაზრებას? რასაკვირველია, არა“  _  წერდნენ ისინი.

პასუხს პასუხიც მოჰყვა, მერე ალბათ კიდევ პასუხი, მაგრამ წელი ისე დასრულდა, რომ დავა თელავის სასულიერო სასწავლებლის შენობაზე დასრულებული არ იყო. პედსაბჭომ იმარჯვა თუ სამღვდელოებამ ეს ალბათ 1919 წელს გაირკვევა. ამ ვნებათაღელვის პარალელურად, ოქტომბერში წმ. ნინოს დედათა სასწავლებელში ჩატარდა  „მშობელთა წრის წარმომადგენელთა“ არჩევნები და იგივე იგეგმებოდა ვაჟთა გიმნაზიაშიც. რა უფლებამოსილებები ჰქონდა მშობელთა საბჭოებს ჩემთვის უცნობია, მაგრამ, იქნებ სასულიერო სასწავლებელსაც რომ ჰყოლოდა მშობელთა წარმომადგენლობითი საბჭო _ დავა შენობის გარშემო, მოსწავლეების სასარგებლოდ, უფრო მარტივად დასრულებულიყო?

ანარქიასთან და ავაზაკებთან ბრძოლა: შალვა მაღლაკელიძე  vs ყაჩაღები „კარტოსი“, „დანიკო“ და „კორხა“

1918  ერთგვარად გარდამავალი წელი იყო; უამრავი გამოწვევის წინაშე მდგარი ქვეყანა ფეხზე დადგომას ცდილობდა. სახელმწიფო ინსტიტუციები და სტრუქტურები ფორმირების პროცესში იყო. ამ ყველაფერს ემატებოდა ომი და ანარქია მთელს ქვეყანაში.  გაძლიერდა გაუგებარი შეიარაღებული  ჯგუფების უკონტროლო თარეში, გაიზარდა კრიმინალი; განსაკუთრებით სოფლებში დათარეშობდნენ შეიარაღებული პირები და მშვიდობიან მაცხოვრებლებს მოსვენებას არ აძლევდნენ. ძარცვა-გლეჯა, ადამიანების შეურაცხყოფა და მკვლელობა _ ჩვეულებრივ მოვლენად ქცეულიყო. სამთავრობო შეიარაღებული ჯგუფები ხან სად ებრძვიან ავაზაკებს, ხან სად. ანარქიის პრობლემა 1918 წელს გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა ამ დროს  ისეთ ფორმებს და მასშტაბს მიაღწია, რომ მოქალაქეები სრულ სასოწარკვეთაში იმყოფებოდნენ. თელავშიც და სხვაგანც თავდასხმები და ძარცვა დღისით-მზისით ყველას თანდასწრებით ხდებოდა. წესრიგის დამყარების მოტივით, 1918 წლის მარტსა და ნოემბერში თელავში სამხედრო წესები მოქმედებდა. მარტის ამბები ძველი პერიოდიკიდან კარგად ვერ აღვადგინეთ, რაც შეეხება შემოდგომას, საქმე აი რაში იყო:

შეიარაღებული დაჯგუფებების თარეშმა და კრიმინალმა წლის ბოლოს თელავი და თელაველები უკვე განსაკუთრებით შეაწუხა და ქალაქის ცხოვრება რიტმიდან ამოაგდო. საქართველოს მთავრობა ცდილობდა ამ პრობლემასთან გამკლავებას.  ჯერ იყო და სადღაც ოქტომბერში გუბერნიის კომისარიატმა თელავის მაზრის კომისრად ბატონი აროშენიძე დანიშნა და განსაკუთრებული უფლებამოსილებებით აღჭურვა. მან კრიმინალთან და ანარქიასთან საბრძოლველად სასტიკი ზომები გაატარა, არაერთი ბოროტმოქმედი დაიჭირა და სოფლებიდან იარაღის ამოღებაც დაიწყო. თუმცა ანარქიას და განუკითხაობას ისეთი მასშტაბი ჰქონდა მიღებული, რომ აროშენიძის მხარდასაჭერად თვით გუბერნიის კომისარი,  შალვა მაღლაკელიძე დაიძრა თავისი ამალით და საგუბერნიო ბატალიონის ერთი ასეულით. მაღლაკელიძემ შეისწავლა თელავის მაზრაში შექმნილი ვითარება, მიხვდა, რომ აქ განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება იყო საჭირო და შსს-ს საგანგებო მოხსენებით და შუამდგომლობით მიმართა; შედეგად, თელავის მაზრაში 24 ნოემბრიდან სამხედრო წესები ამოქმედდა _ ანარქიის მოსპობისა და მშვიდობიანობა-წესრიგის დამყარების მიზნით.  ქალაქში ჩამოვიდა ასევე თელავის ქალაქის თავი, საქართველოს პარლამენტის წევრი კოტე ანდრონიკაშვილი და თავისი ჩამოსვლით თელავისათვის ამ მძიმე და მნიშვნელოვან პერიოდში თელაველები ძალიან გაახარა;  მას თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით თელაველთა დიდი სიყვარული  და პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული და არც ამ ძნელბედობის ჟამს მიატოვა ქალაქი (ს/რ № 104; 29.11.18).

დღის წესრიგში დადგა თელაველების ინფორმირება შემოღებული სამხედრო წესების შესახებ; ამ დროს ქალაქში გაზეთები არ გამოდიოდა; განცხადებებს მოსახლეობა მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდა და ბევრი არ წაიკითხავდა, ინფორმაციის გავრცელება კი აუცილებელი იყო, რადგან სამხედრო წესები გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებდა. ქალაქმა ასე გადაჭრა საინფორმაციო კამპანიის პრობლემა:  24 ნოემბერს დილის 5 საათიდან დაიწყეს ზარების რეკვა და თელავის სადგურზე მდგომ ჯავშნოსან მატარებლიდან რამდენჯერმე ისროლეს ზარბაზანი. ამით ყველა მიხვდა, რომ ქალაქის ცხოვრებაში რაღაც მოხდა; დილით კი მოქალაქეთა იმ ვალდებულებებს გაეცნენ, რომელთაც სამხედრო წესრიგი ითვალისწინებდა: იარაღის ჩაბარება, სასმელი დუქნების დაკეტვა, საღამოს ექვსი საათიდან გარეთ გამოსვლის აკრძალვა და სხვ. ქალაქის კომენდანტად პოდპოლკოვნიკი მაჭავარიანი დაინიშნა, რომელიც 25 ნოემბრიდან იარაღის ამოღებას შეუდგა და მთელი ქალაქი გაჩხრიკა. იარაღი ჩააბარეს მოქალაქეებმა და ასევე, გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან მიღების  პირობით _ გვარდიელებმა და სოც. ფედერალისტთა რაზმელებმაც. სამხედრო წესები და შესაბამისად, იარაღის ამოღება მთელ მაზრას ეხებოდა. მაღლაკელიძემ სპეციალური განკარგულება გამოსცა დეზერტირების სასწრაფოდ ყაზარმებში დაბრუნებასთან დაკავშირებითაც (ს/რ № 108 / 4.12.18).

28 ნოემბრით დათარიღებული წერილით, კოტე ანდრონიკაშვილი თელაველებს მიმართავდა _ გაგებით და მოთმინებით მოკიდებოდნენ სამხედრო წესებს და ამ წესების გამო შექმნილ უხერხულობებს, რადგან ეს მოკლევადიანი დისკომფორტი  ქალაქის და მაზრის მაცხოვრებლების გრძელვადიანი სიმშვიდისა და კეთილდღეობის წინაპირობა იყო. იგი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ რთული ამოცანის შესრულებისას მხარს დაუჭერდა და გვერდში დაუდგებოდა გენერალ გუბერნატორს და მის ამალას და მაზრის მოქალაქეებს სამოქალაქო მოვალეობისაკენ, სიმშვიდისა და წესიერებისაკენ მოუწოდებდა (ს/რ № 109 / 06.12.18).

მაზრის გენერალ-გუბერნატორი მუდმივად თელავში არ იმყოფებოდა და ცხადია, სხვა საქმეებზეც უწევდა მიმოსვლა. მისი კანცელარია კი თელავში  სასტუმროში იყო განთავსებული. დეკემბრის დასაწყისში თელავიდან ორი დეპეშა მოვიდა თბილისში; ერთი კოტე ანდრონიკაშვილის მიერ შსს-ს სახელზე მიწერილი, სადაც იგი იუწყებოდა, რომ „ყაჩაღთა და მათი აგენტების შეპყრობის საქმე ჩინებულათ მიმდინარეობს უმსხვერპლოთ ჩვენი მხრით. ყველგან თანაგრძნობას გვიცხადებს ხალხი მათ შეპყრობისათვის. გლეხებმა თავისუფლად ამოისუნთქეს, რომ თავიდან მოიშორეს მათი გამანადგურებელნი. თელავის მოქალაქენი მართავენ კრებებს, რომელზედაც გამოაქვთ დადგენილებანი მთავრობის ამნაირ ნაბიჯების მოწონების შესახებ და აგრეთვე პირობა, რომ ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინონ მთავრობას.“  მეორე დეპეშა კი, იმჟამად თბილისში მყოფმა მაღლაკელიძემ მიიღო პოლკოვნიკი კაჭახიძისგან: „იარაღი ავყარეთ სოფლებს _ ყვარელსა და შილდას. თელავიდან გაქცეულ ავაზაკს ჩვენმა მდევარმა გზა გადაუჭრა ს. ლაგოდეხში და შეიპყრა სოფ. ახატალში. ჩვენმა რაზმმა შეიპყრა 5 უმთავრესი ავაზაკი“.

6 დეკემბერს მაღლაკელიძე თელავისკენ დაიძრა და თან იახლა ბრძოლებში გამოცდილი ჯავახელი ოფიცრები და ჯარისკაცები, ასევე „გარე კახელთა გლეხთა ცხენოსანი რაზმი ჯაფარიძის მეთაურობით“. (ს/რ № 108 / 4.12.18) თელავში დაბრუნებულ მაღლაკელიძეს ხალხი აღფრთოვანებით შეეგება. ქალაქში, ნელ-ნელა მშვიდი ცხოვრების იმედი ჩნდებოდა და გამოცოცხლებაც ეტყობოდა. მოქალაქეებს ადრე ქუჩაში გამოსვლის ეშინოდათ,  ახლა კი უამრავი იარაღი იყო უკვე ჩაბარებული; დეზერტირებმაც დაიწყეს ყაზარმებში დაბრუნება. სამხედრო წესების დარღვევის არც ერთი შემთხვევა თელავში არ ყოფილა. და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, კრიმინალთან ბრძოლის ამ მნიშვნელოვან საქმეში „ყველა პარტიები ერთად, შეთანხმებულათ მუშაობენ; ამ მიზნით პარტიებმა დააარსეს საერთო შტაბი“  _ ეს კი თავად მაღლაკელიძის დამსახურება გახლდათ,  რადგან მან თავიდანვე უხმო სათათბიროდ ყველა პარტიის წარმომადგენელს (ს/რ № 108 / 4.12.18).

უკვე იმედი ჩნდებოდა, რომ სამხედრო წესები მალე მოიხსნებოდა, თუმცა მანამდე გენერალ-გუბერნატორის განკარგულებაში მყოფი სამხედრო ძალების შენახვა ხაზინას ძალიან ძვირი უჯდებოდა. ამიტომ მაღლაკელიძემ „დაადო სამხედრო გადასახადი 200, 000 მანეთი მდიდარ მცხოვრებთ; ამ თანხიდან 100, 000 მანეთი გადახდება ქ. თელავს, დანარჩენი 100, 000 კი მაზრას.“  გენერალ-გუბერნატორის ამ განკარგულების აღსრულება ქ. თელავში ქალაქის თვითმმართველობას ევალებოდა  (ს/რ № 113 / 11.12.18). მიუხედავად ქალაქის გამოცოცხლებისა, ყაჩაღებთან გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ წინ იყო.

8 დეკემბერს დიდი შეტაკება მოხდა ავაზაკებთან. მაღლაკელიძე თავის ბატალიონთან ერთად წინანდლის მხარეში გაემგზავრა და სოფლებს _ კალაურს, ვაჩნაძიანს,  ურიათუბანს, შაშიანს და აკურას ალყა შემოარტყა. ოპერაცია ყაჩაღების კვალზე ხორციელდებოდა  და მართლაც 9 დეკემბრის დილის 6 საათზე აკურაში ატეხილი სროლის დროს ავაზაკი სახელად „კარტოსი“ მოკლეს; ნაშუადღევს კი სოფელ ვაჩნაძიანში ავაზაკი მოძღვრიშვილი მოკლეს თავისი ამხანაგით. საღამოს 5 საათისთვის განახლებული შეტაკებების დროს სოფელ აკურ(ა)ში, ორი ყაჩაღი,  „დანიკო“ და „კორხა“ მოკლეს. ექვსი ავაზაკის ლიკვიდაცია სახუმარო საქმე არ იყო. მაღლაკელიძე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ოპერაციაში კმაყოფილებას გამოთქვამდა ვაჩნაძიანის სოფლის საზოგადოების კომისარის კალატოზიშვილის მიერ გაწეული დახმარების და საგუბერნიო ბატალიონის მიერ სანაქებოდ გაწეული სამსახურით (ს/ქ № 114/12.12.18). ოპერაციაში მამაცური მოქმედებით ასევე თავი გამოიჩინეს ჯაფარიძის ცხენოსანთა რაზმმა და  მილიციონერებმა ს. სამადაშვილმა, ი. თევდორაძემ, ი. ნებუნიშვილმა, შ. ჩახიაშვილმა, ა. დანელიშვილმა, ზ. მოსემღვდლიშვილმა, ი. ჯანიაშვილმა და ა.შ.  მათ თავგანწირულ ბრძოლას ყაჩაღებთან მაზრაში კეთილდღეობისა და მშვიდობიანობის დასამყარებლად არასოდეს არ დაივიწყებს თელავის მაზრა, წერდა საქართველოს რესპუბლიკა (№ 118 / 18.12.18).

ოპერაციამ, როგორც ჩანს, ყაჩაღების და კრიმინალების დიდი გულისწყრომა და უკმაყოფილება გამოიწვია. 11 დეკემბრს გაზეთი საქართველოს რესპუბლიკის რედაქციამ თელავიდან დეპეშა მიიღო, სადაც გენერალ-გუბერნატორის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ხარაძე და გუბერნიის ბატალიონის უფროსი პოდპოლკოვნიკი კაჭახიძე იუწყებოდნენ, რომ თელავში გუბერნატორი მაღლაკელიძის მოკვლის მიზნით ჩავიდა ყაჩაღების ჯგუფი ვინმე ლევან ლეჟავას მეთაურობით. საბედნიეროდ, მათ არაფერი გამოუვიდათ, მეტიც, თელავში წესრიგის დამყარების მიზნით მივლენილმა სამთავრობო დაჯგუფებებმა შეიტყვეს ტერორისტების ადგილსამყოფელი, ალყაში მოაქციეს, მათი ცხენები წინასწარ დააკავეს და შეიპყრეს. ეს ახლად დაჭერილი ავაზაკები სხვა შვიდ მანამდე დაჭერილთან ერთად, სამხედრო საველე სასამართლოს გადასცეს, რომელსაც იმხანად მსგავსი საქმეების განხილვა და დამნაშავისთვის სიკვდილით მისჯაც შეეძლო  (ს/ქ № 115/12.12.18 ).

თელაველები კმაყოფილები ჩანდნენ: „უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც თელავის, ისე მაზრის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა მოწყურებულია წესიერებას და მოელოდა იმ ძალას, რომელსაც შეეძლო მშვიდობიანობის აღდგენა. ეხლა ეს ძალა-უფლება დაინახა და დარწმუნდა, რომ მართლა ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ვერ მოითმენს ვერავითარ ანარქიას და უწესოებას და ყოველთვის სასტიკ ზომებს მიიღებს მშვიდობიან მოქალაქთა დასაცავად“  (ს/რ 108).

ამ მძიმე პერიოდის, ავაზაკებთან, ყაჩაღებთან და ანარქიასთან, შიმშილთან, ადრე დამდგარ ზამთართან და უნავთობასთან ბრძოლის მიუხედავად, თელავში, ისევე როგორც მთელ  საქართველოში, 12 დეკემბერს სახალხო გვარდიის დღე აღინიშნა. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (№ 120 /  20 დეკმებერი, 1918) დეტალურად გადმოგვცემს ამ საზეიმო ღონისძიებას. ჯერ იყო და სპეციალური საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა,  რომელმაც დროულად დაიჭირა თადარიგი ამ დღისთვის: „ქალაქი დაჰყო უბნებად. თვითეულ უბანში დანიშნული იყვნენ ყმაწვილ ქალ-კაცნი, უფრო კი მოსწავლენი, ყულაბებით ფულის მოსაკრებად. შემუშავებულ იქმნა ზეიმის წესრიგი და შინაარსი და დღესასწაულის საპატიო თავმჯდომარედ კომისიამ ამოირჩია ამ დროს თელავში მყოფი გენერალ-გუბერნატორი ბ.მ. მაღლაკელიძე.“

12 დეკემბერი უქმედ იყო გამოცხადებული. თელაველები ქალაქის ბაღში შეიკრიბნენ. სახალხო გვარდიელების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საგანგებო ბატალიონის რაზმი და მე-6 ქართული პოლკი თავ-თავიანთი ორკესტრებით. გენერალ-გუბერნატორი მაღლაკელიძის მოსვლის შემდეგ სადღესასწაულო მიტინგიც დაიწყო. ჯერ იყო სიტყვით გამოსვლები (შ. მაღლაკელიძე, ივ. როსტომაშვილი, გვარდიელი ჯაფარიძე, ძიძიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი სოც. ფედ. ალ. წერეთელი);  შემდეგ ორმა სამხედრო ორკესტრმა ეროვნული ჰიმნი შეასრულა, რასაც გვარდიისა და  ჯარის მარშით ჩავლა მოჰყვა. სადღესასწაულო საღამო გაიმართა, ჩვენთვის  უკვე ცნობილი, თელავის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის შენობაში (თელაველებო, ხომ არ იცით სად იყო და დღესაც არის თუ არა შემორჩენილი ეს შენობა?): „მშვენიერ სანახაობას წარმოადგენდა: აივანზე აღმართული იყო ეროვნული დროშა, აქეთ-იქეთ წითელი რევოლუციური დროშები ფრიალებდნენ, ხოლო შუაში მოსჩანდა მებრძოლ გვარდიელის სურათი. შიგნით დარბაზი მორთული იყო დროშებით, გრეხილებით და მწვანით. გვერდით ოთახები მორთული იყო ხალიჩებით და ფარდაგებით, რომელნიც ამშვენებდა გვარდიის ბელადის ჯუღელის სურათს. საღამოს დიდძალი ხალხი მოაწყდა, მალე არა თუ დარბაზი, არამედ ოთახები გაივსო და ძალიან ბევრი იძულებული იყო უკან დაბრუნებულიყო.“  საორგანიზაციო კომიტეტს სადღესასწაულო საღამოს სცენაც გათვლილი ჰქონდა: თავად კომისიისა და სახალხო გვარდიის თელავის შტაბის წევრები  „მშვენივრად მორთულ სცენის შუაგულში“ , ხოლო გვერდით _ პრესის წარმომადგენლები ისხდნენ.  და, რაც მთავარია:  „ცალ მხარეს იდგა ორი სახალხო გვარდიელი: ერთი შუახნის, ციხე-კატორღა გამოვლილი, მაგრამ მაინც გაუტეხელი და მებრძოლი და მეორე ახალგაზრდა 17-18 წლის ჭაბუკი ჯერ ისევ მოწაფე, მაგრამ ბრძოლაში ნაწრთობი წითელ ბაირაღით ხელში, ხოლო მეორე მხარეს ორი ახალგაზრდა ჩვენი იმედი რეგ. კარის-კაცი ეროვნულ დროშით ხელში, მართლა რომ კარგ შთაბეჭდილებას სტოვებდა საზოგადოებაზე“. იყო მოლოცვები, სიტყვით გამოსვლები, გვარდიის სასარგებლოდ თანხის გაღება; გაიმართა დავით აწყურელის სამმოქმედებიანი კომედიური ჟანრის წარმოდგენა „მაწანწალა სამოთხეში“, მისივე მონაწილეობით. თარზე ცნობილი დამკვრელი, საღირაშვილი უკრავდა: „საზოგადოების თხოვნით რამდენჯერმე გაამეორებინეს, ბოლოს ვაი-ვაის ხმაზე იმღერეს კუპლეტები.“  წარმოდგენის შემდეგ კი გაიმართა ვახშამი, დაიწყო მხიარულება და სიმღერები, რომელმაც დილამდე გასტანა.

დაბოლოს

თელაველები გულღია, სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილები არიან, ამ წლებში თელავში სიარულისას მე თვითონ არაერთხელ დავრწმუნდი ამაში. ჰოდა, 100 წლის წინაც არ აკლდა ქალაქს თანამგრძნობი და გულკეთილი მოქალაქეები.  ამაში გაზეთში „სახალხო საქმე“ (№ 400 / 4 დეკემბერი) რედაქციის მიმართ, კახური პირდაპირობით მიწერილმა წერილმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა: „ბატონო რედაქტორო! ნოემბრის ოცდარვას მივდიოდი ჩემი კერძო საქმეებიდან დაღალული, ამ დროს შევეფეთე უბედურ სურათს: ვნახე ჩვენი პოეტი ქალი, ნინო ორბელიანისა, ნახევრად მიწოლილი ოკრაჟსკი შესახვევის წინ. ასეთ საშინელ მდგომარეობაში რომ დავინახე, ვკითხე: სად არის თქვენი ბინა მეთქი. მაჩვენა და დაუმატა, ბინიდან გამომაგდესო. მე აღელვებული წავყე წავიყვანე ბინაზე და შევიფარე ჩემს ბინაზე. მე აქ არა ვცხოვრობ, დროებითა ვარ ჩამოსული თელავიდან. უმორჩილესად ვთხოვ ქართულ საზოგადოებას მიაქციოს ყურადღება პოეტის ამ გაჭირვებულ მდგომარეობას, მისცეს საშუალება მოხუცს თავისუფლად ისუნთქოს ვიდრე ცოცხალია, თორემ როცა გარდაიცვლება, აღარას უშველის გვირგვინები და სიტყვები. მისამართი ჩემი ასეთია: ოლღა კონსტანტინეს ასული გუბელაძისა, პრიუტის ქუჩა № 5. თუ ამ მოხუცს ვერსად მოათავსებენ, ვთხოვ მომიყვანონ თელავში ქართულ პოლკში, იკითხონ გუბელაძე, მე ჩემთან ვაცხოვრებ.“  პოეტი 3 დეკემბერს ჯერ კიდევ თელაველ ოლღა გუბელაძესთან იყო შეკედლებული თბილსში; ოლღას შემდეგ ალბათ თელავში მოუწია დაბრუნებამ, მოხუც პოეტ ქალზე კი, როგორც ჩანს, არც თბილისის საზოგადოებამ და არც „ქალთა წრემ“ იზრუნა (სახალხო საქმე № 399. 3 დეკემბერი), რადგან უბინაოდ, უპატრონოდ და საჭმელ-სასმელის გარეშე დარჩენილი, ყველასგან მივიწყებული პოეტი, ნინო ორბელიანი, დიდ სიღატაკეში გარდაიცვალა 1919 წლის 12 მარტს, დავრდომილთა თავშესაფარში.

 

* * *

1918 წელს, თელავში, ზამთარი 20 ნოემბერს გომბორზე პირველი თოვლის მოსვლით დაიწყო. 12 დეკემბრის საზეიმო დღისა და განწყობის შემდეგ, ქალაქი ალბათ წინასაახალწლო ფუსფუსში ჩაერთო.  ვინ იცის, რა მოლოდინებით და იმედებით ხვდებოდა ახალ 1919 წელს, შიმშილობისგან, ანარქიისა და ავაზაკებისგან, ჩარჩების თავნებობისგან, სამხედრო წესებისაგან დაღლილი ქალაქი? რა ამბების გადატანა მოუწია თელავს 1919 წელს, ეს 2019-ში ვნახოთ. მანამდე კი, ამ 2018 წელს თელავს ხარისხიან ელექტრო – და გაზმომარაგებას, ბევრ დამსვენებელს, განვითარებას, თვითმყოფადობის და სრულიად უნიკალური იერ-სახის შენარჩუნებას ვუსურვებ.

 * * *

გამოყენებული წყაროები

გაზეთი „საქართველო“:  № 26/01.02.18;  № 69/29.03.18;  № 96/21.05.18; № 103/29.05.18; № 145/23.07.18;  № 146/ 2407.18; №  231/30.11.18;

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“:  № 9/3.08.18; № 96/20.11.1918; №104/29.11.18; № 108 / 4.12.18; 109 / 06.12.18; № 110/ 7.12.18; № 113 / 11.12.18; 114/12.12.18; 115/12.12.18; 118 / 18.12.18; № 120/ 20.12.18;

გაზეთი „სახალხო საქმე“: № 260/19.06.18; № 299/6.08.18; № 361/19.10.18; № 399/3.12.18; № 399 / 3.12.18; № 400/4.12.18.

 ფოტოები: კავშირ ნაფარეულის არქივი “თელავური” სუვენირის სერია.