ახალი ამბები

გურჯაანში მდებარე მუხის კასრების მწარმოებელი კომპანია ღვინის ლაბორატორიას გახსნის

კომპანიის დირექტორი ვასიკო კალანდაძე აცხადებს, რომ ღვინის ახალი ლაბორატორია საწარმოს ახალი მიმართულება იქნება. მისი ინფორმაციით, ლაბორატორიაში ღვინის ხარისხის განსაზღვრასთან ერთად კომპანიებს სხვა სერვისებსაც შესთავაზებენ. 
,,ჩვენთან ხშირად მოდიან მეღვინეები, რომლებიც ყიდულობენ კასრებს და გვეკითხებიან, თუ როგორი უნდა იყიდონ. ყველა ღვინოს შესაბამისი კასრი სჭირდება, ასევე გვეკითხებიან, როდის უნდა ჩაასხან ღვინო დასავარგებლად კასრში, რამდენ ხანს დააყოვნონ და სხვა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ თბილისში გავხსნათ ლაბორატორია. ლაბორატორიაში ღვინის ხარისხისა და ორგანოლეპტიკური თვისებების განსაზღვრასთან ერთად, მეღვინეებს სასწავლო სემინარებს შევთავაზებთ, სადაც ისინი მუხის კასრების გამოყენების სპეციფიკას და მასში ღვინის დავარგების ტექნოლოგიებს გაეცნობიან. კომპანიამ ამ მიზნით მთელი რიგი კვლევები ჩაატარა. დაწერილია პროექტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროში, კერძოდ პროგარამაში ,,აწარმოე საქართველოში“ წარვადგენთ. პროექტის ღირებულება 200 ათასი ლარია”,- განაცხადა ვასილ კალანდაძემ.