ახალი ამბები

ვარდისუბნის თეთრი გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტაძარი დეკანოზური კომპლექსია, რომელიც მოიცავს წმ. გიორგის სახელობის სამეკლესიან ბაზილიკას, მცირე ტაძრის ნანგრევს და გალავანს. 
“მთავარ ტაძარს სამივე მხრიდან გარშემოსავლელი აქვს მიშენებული, რომელსაც სამივე მხარეს, მთავარი ეკლესიის კარებთა პარალელურად, თითო შეისრული კარი აქვს, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ერთი თაღოვანი სარკმელი. გარშემოსავლელის კამაროვანი გადახურვა ჩრდილოეთ ნაწილში პირდაპირ ცენტრალური ტაძრის ჩრდილოეთ კედელს ეყრდნობა, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში კი საბჯენად ტაძრის კედლებზე აგურის პილასტრები და მათზე გადასული თაღედებია გამოყენებული. ტაძრისა და გარშემოსავლელთა კედლები აგურის საფეხუროვანი ლავგარდნით იყო დასრულებული. მთავარი ტაძრის სამხრეთი კედლის პირზე, ერთმანეთის პირისპირ ქართული ასომთავრულით შესრულებული ნაკაწრი წარწერებია. აღმოსავლეთის სარკმელს ქონია ნალისებური თაღების მწკრივით გაფორმებული შუბლი (ამჟამად ჩამონგრეულია). ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მცირე სამლოცველოს ნანგრევია. ნატეხი ქვით ნაგები შენობისგან ამჟამად განირჩევა აბსიდის ნაწილი, რომელიც დარბაზისგან მხრით ყოფილა გამოყოფილი. ეკლესიას გარშემოუყვებოდა ქვის ყორე გალავანი, რომელიც ახლა მხოლოდ სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა შემორჩენილი”, – განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.