ახალი ამბები

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის გრანტების გაცემა ზაფხულიდან დაიწყება

,,გრანტის კომპონენტი განხორციელდება FAO-ს, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. ამჟამად ზუსტდება ტექნიკური პირობები და დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში მოხდება თანხების განკარგვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ძალაში სწრაფად შევიდეს. მისი ღირებულება 12 მილიონი ევროა.”, – განაცხადა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

,,ენპარდის“ საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ხუნწარია აღნიშნავს, რომ პროექტის ერთ–ერთი პრიორიტეტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა.

,,ენპარდის ეს ფაზა საკმაოდ კომპლექსური და მრავალკომპონენტიანია. ის მოიცავს ბევრად უფრო ფართო საკითხებს ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიცაა ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოციალური და მუნიციპალური სერვისები და მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ერთი მხრივ, ეკონომიკის დივერსიფიცირებას, და ასევე, მოსახლეობის ჩართულობასა და ამ პროცესებში მათ თანამონაწილებას უწყობს ხელს. უახლოეს მომავალში სოფლის განვითარებას კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ექნება, რომელიც თავისთავად ნიშნავს მეტი მუნიციპალიტეტის ჩართულობას ამ პროცესებში,“ – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას თამარ ხუნწარია.

კოოპერატივის ,,საბა” ერთ–ერთი დამფუძნებლის ინფორმაციით, წარმოება ევროკავშირის პროგრამა ENPARD–ის ხელშეწყობით გააფართოვა.

,,ტექნიკური დახმარების თვალსაზრით, შეგვიძინეს ტრაქტორი 50 ცხენის ძალიანი და 5 სხვადახვა სახის მისაბმელი. პროექტის რაოდენობამ ჯამში შეადგინა 55 ათასი ლარი, აქედან 37 ათას 500 ლარი იყო ევროკავშირის გრანტის თანხა, ხოლო 17 ათას 500 ლარი კოოპერატივის ფულადი თანამონაწილეობა”, – აცხადებს knews.ge-სთან ალექსანდრე სოლოღაშვილი.

მისივე თქმით, მსგავსი დახმარება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანია.