ახალი ამბები

თელავში დამზადებული საოჯახო ღვინოები ჩეხეთში გაიყიდება

მარნის დამფუძნებლის, სანდრო მილორავას ინფორმაციით, მარანს ჩეხი მეღვინეები თავად ესტუმრნენ და საექსპორტოდ ქვევრში დაყენებული “საფერავი“ შეარჩიეს, რომელიც ჩეხეთში მარტში გაიგზავნება. მისი თქმით, მარანი თელავის ცენტრში, “მილორავების საოჯახო სასტუმროს“ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ის საავტორო ღვინოებს სამი წელია ამზადებს. 
“საოჯახო სასტუმრო თელავში პირველებმა ჩვენ მოვაწყეთ, ეს სატუმრო 20 წელია გვაქვს. რადგან ამ ბაზარზე კონკურენცია დიდია, მინდოდა სტუმრებისთვის რაღაც ახალი შემეთავაზებინა და დავიწყე ჩემი ღვინის წარმოება, იმდენად გემრიელი საქმეა, რომ საოჯახო სასტუმრო დამრჩა უკან. ახლა ვფიქრობთ წარმოების გაზრდაზე, რისთვისაც ახალი მარნის აშენებას ვაპირებთ. თელავთან ახლოს ოჯახის კუთვნილი საგვარეულო მიწები გვაქვს და გვინდა, ახალი მარანი იქ მოვაწყოთ”,– განუცხადა Bm.ge-ს სანდრო მილორავამ. 
მეღვინის თქმით, ამჟამად მარანში რამდენიმე სახის ქვევრის ღვინოს ამზადებენ და 4200 ბოთლს ასხამენ, რომელიც ორჯერ აღემატება იმ რაოდენობას, რაც პირველ წელს აწარმოეს. 
“გასულ წელს სრულიად ახალი ღვინო შეემატა ჩვენს ღვინოებს, სახელწოდებით ,,ტრიო“, რომელიც სამი ჯიშის ყურძნის: ქისის, ხიხვისა და მწვანეს სეპაჟია. გარდა ამისა ვამზადებთ ,,მონტეპუჩიანოს“, ეს ღვინო იტალიური ჯიშის ყურძნისგან იწარმოება, რომელიც კახეთში ხარობს, ასევე ფრანგულ ,,შირაზს“. ჩვენს პორტფელშია საფერავი, რქაწითელი, მანავის მწვანე, ქისი და როზეც. ღვინოები ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში და კაფეებშიც იყიდება, ღვინოების ფასი 40 ლარიდან იწყება”, – განაცხადა სანდრო მილორავამ.