სტატიები

ეხმარება თუ არა ხელისუფლება კახეთში მცხოვრებ მარტოხელა დედებს?

ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც მარტოხელა დედებისთვის დახმარება მთავარ ფინანსურ დოკუმენტში არ აქვს გათვალისწინებული, ახმეტაა. მერიაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში თანხა სოციალური პროგრამებიდან გამოიყოფა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი განმარტავს, რომ სოციალურ პროგრამებში ცალკე თანხა, რომელიც მარტოხელა დედების დახმარებას ითვალისწინებს, არ არის გამოყოფილი.
,,მარტოხელა დედების დასახმარებლად ბიუჯეტიდან კონკრეტულად არ არის თანხა გამოყოფილი. საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მოვახერხებთ სოციალური პაკეტიდან. 2019 წლიდან იქნება შესაძლებელი, რომ მოხდეს ცვლილება ბიუჯეტში და ცალკე გამოიყოს თანხა მარტოხელა დედების დასახმარებლად. ყველას, ვინც მოგვმართავს, რა თქმა უნდა ვერ დავეხმარებით. ვისაც ყველაზე ძალიან სჭირდება, მას მიეცემა ფულადი ან სხვა სახის დახმარება. ამას გადაწყვეტს სოციალური სამსახური, რომელიც მოიძიებს ნამდვილად ესაჭიროება თუ არა დახმარება კონკრეტულ პიროვნებას’’,– განუცხადა knews.ge- ს იოსებ ქარუმაშვილმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედებს სპეციალური კრიტერიუმებით აფინანსებენ და მათთვის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვაა გათვალისწინებული . დედოფლისწყაროს მერის მოადგილის, მალხაზ მერაბიშვილის განმარტებით, ბიუჯეტიდან, ასევე, გამოყოფილია 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება ახალშობილებზე.
,,სოციალური პაკეტი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია 10 000 ლარით და მთლიანობაში შეადგენს 583 000 ლარს. 2018 წლის ბიუჯეტიდან მარტოხელა დედებს მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადის გადახდაში დაეხმარება. ეს ეხებათ იმ მარტოხელა დედებს, რომელთა სოციალური ქულა 150 000 ქვემოთ არის. ასევე მუნიციპალიტეტში დაბადებულ ახალშობილებზე ვიხდით 300 ლარს ერთჯერადად. ეს გათვალისწინებულია ყველა დედისთვის. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედებისთვის, როლებსაც საცხოვრებელი სახლი არ აქვთ, ვქირაობთ ბინას და ყოველთვიურად ქირას ვუხდით’’, – განუცხადა knews.ge-ს მალხაზ მერაბიშვილმა.
მარტოხელა დედებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდაში გურჯაანის ადგილობრივი თვითმმართველობაც ეხმარება. საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მაია ბეროშვილის ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გამო სოციალუ პროგრამებში ცვლილება განხორციელდა. მისი განმარტებით, მარტოხელა დედებისთვის ერთ ბავშვზე გამყოფილი თანხა 8–დან 10 ლარამდე გაიზარდა.
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა მარტოხელა დედებს ყოველთვის ეხმარებოდა. წინა წელს ელექტროენერგიის გადასახადი 8 ლარი იყო გამოყოფილი ერთ ბავშვზე. წელს ცვლილებაა ის, რომ რადგან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა, 1 ბავშვზე 10 ლარი იქნება გათვალისწინებული. ახლა დაემატა მეორე ბავშვზეც დახმარება და ეს თანხა ამ შემთხვევაში შეადგენს 15 ლარს‘’,– განუცხადა Knews.ge-ს მაია ბეროშვილმა.
ადამიანის უფლებების განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ მათი რეკომენდაციების და ადგილობრივ თვითმმართველობებთან აქტიური მუშაობის შედეგად, კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მარტოხელა დედებისთვის დახმარებაა გათვალისწინებული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, რეგიონის მუნიციპალიტეტებდან მარტოხელა დედების დასახმარებლად ყველაზე მეტი თანხა დედოფლისწყაროს ბიუჯეტში, ყველაზე ნაკლები კი საგარეჯოს მთავარ ფინანსურ დოკუმენტშია განსაზღვრული. 
,,ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც შარშან ეხმარებოდნენ მარტოხელა მშობლებს, ამ დადებით პრაქტიკას წელსაც აგრძელებენ. კერძოდ: დედოფლისწყარო მარტოხელა დედებს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის დაფინანსებაში ეხმარება ყოველთვე 13-დან 17 ლარის ოდენობით, ახლად დაბადებული ბავშვის მარტოხელა მშობლის დახმარება კი ერთჯერადად 300 ლარს შეადგენს. ლაგოდეხის მერიას გამოყოფილი აქვს ელექტროენერგიის დაფინანსება ყოველთვე 10 ლარის ოდენობით, საგარეჯოს ერთჯერადი ფულადი დახმარება, კომუნალური გადასახადების თანადაფინანსება დენის 5 ლარი და ზამთრის სეზონზე გათბობა 50 ლარის ოდენობით. სიღნაღი –ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, ყვარელი – ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება ყოველთვე 8 ლარის ოდენობით,გურჯაანი – ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება ყოველთვე 8 ლარის ოდენობით. თელავი – სადღესასწაულო დღეებში ფულადი ან სხვა საჩუქრები, ელექტროენერგიის თანადაფინანსება, ფინანსური და მედიკამენტების დახმარება. 2018 წლის ბიუჯეტით დახმარება მარტოხელა მშობლებისთის კვლავაც არ აქვს გათვალისწინებული ახმეტას, თუმცა მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები. ფონდი აქტიურად აგრძელებს ადვოკატირების და ლობირების კამპანიას ამ და სხვა მიმართულებებით, რომლებიც მარტოხელა მშობლების დახმარებასა და მათ გაძლიერებას უკავშირდება’’,– განაცხადეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.