ახალი ამბები

მოქალაქეებისთვის პეტიციების პორტალი შეიქმნა

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდას) დირექტორის, ზვიად დევდარიანის განცხადებით, პეტიციის გამოქვეყნება შესაძლებელია შემდეგ თემებზე: რეგიონული განვითარება, გარემოს დაცვა, კულტურა, ჯანდაცვა, მეცნიერება, სოციალური საკითხები, განათლება, ენერგეტიკა, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, ფინანსები, ეკონომიკა, სპორტი და ინივაციები.

,,პორტალი მოქალაქეებს რეალურად აძლევს იმის შესაძლობელობას, რომ საკუთარი ხმა მიაწვდინონ მთავრობას ამა თუ იმ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით. მთავრობას საკუთარი დადგენილებით აქვს ვალდებულება, რომ თუ პეტიცია წარდგენის შემდეგ მოაგროვებს 10 ათას ხელმოწერას, დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პეტიციის ავტორებს უნდა გასცეს დასაბუთებული პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პორტალი იყოს არაფორმალური, არამედ დაიტვირთოს და საკუთარი ფუნქცია შეასრულოს. რადგან პორტალი სამთავრობოა, უნდა აიტვირთოს მხოლოდ იმ თემატიკის შესახებ პეტიციები, რომლებიც მთავრობის კომპეტენციაა. დაინტერესებულ ჯგუფებს ხელმოწერების შესაგროვებლად ეძლევათ 1 თვე, შემდეგ კი გადაეცემა სამთავრობო ადმინისტრაციაში სპეციალურ კომისიას, რომელიც უკვე ვალდებულია პასუხის მომზადებაზე. ჩვენ და ახალაგზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები USAID-ის კარგი მმართველობის პროექტის ინიციატივის ფარგლებში ვხვდებით საზოგადოების წევრებს, რათა ყველას ქონდეს ინფორმაცია ამის შესახებ“, – განუცხადა knews.ge-ს დევდარიანმა.

მისივე განცხადებით, პეტიცია არ უნდა იყოს ჰომოფობიური, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ წყობილებას, უნდა ეხებოდეს ადამიანთა დიდ ჯგუფს და სხვა. პროექტს ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ოპერაციულ მხარდაჭერას ახორციელებს ევროკავშირი.