ახალი ამბები

დედოფლისწყაროში მამათა მონასტრი კლდოვანი მასებისგან გაიწმინდა

 პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. 
„პროექტის ფარგლებში სპეციალისტებმა 1500 კვადრატული მეტრი ფართობი დაზვერეს და შეამოწმეს, ტაძარი შეფუთეს საბურავებითა და ხის მასალით. ალპინისტებმა მოხსნეს ცოცხალი ქვების მასა და ჩამოყარეს ქვემოთ. შეძლებისდაგვარად ეს კლდეები გათავისუფლდა მცენარეებისაგან“, – განუცხადა knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, თამარ თამაზაშვილმა. 
თამაზაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვის ვარდნა შეჩერდა 90%-ით. მისივე თქმით, ელიას მთაზე ქვათაცვენის პროცესი განსაკუთრებით წინა წლის მარტის თვეში გააქტიურდა, რომლის მიზეზი ბუნებრივი პირობები და ქანების სპეციფიური შემადგენლობაა. 
„კლდეზე გაჩენილი ნაპრალები საფრთხეს უქმნიდა მე-5 საუკუნის ნატაძრალზე 8 წლის წინ რესტავრირებულ, წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიას, მონასტერსა და ტაძარში მოსულ მომლოცველებს. მონიტორინგის შედეგად გადაწყდა სასწრაფო სამუშაოების ჩატარება, რაც განხორციელდა კიდევაც“, – აღნიშნა თამარ თამაზაშვილმა.