ახალი ამბები

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი ახალგაზრდის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს

19 წლის ახალგაზრდის დაჭრასთან და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
„მთავარ პროკურატურას მივმართავთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ოფიციალურად ცნონ დაზარალებულად. ჩვენ აგრეთვე მოვითხოვთ, პროკურატურამ მოგვაწოდის ინფორმაცია, არის თუ არა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რადგან ჩვენ ეს პასუხი ოფიციალურად არ მიგვიღია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გამოძიების დაწყების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ოფიციალური დადასტურება გამოძიების დაწყების შესახებ. ჩვენ ვაპირებთ, დავიწყოთ გამოძიება, დაკითხვის ოქმების წარმოება. ასევე ვგეგმავთ პანკისის ხეობაში დამოუკიედებლ ექსპერტთან ერთად ჩასვლას“, – განუცხადა knews.ge–ს მარიამ კუბლაშვილმა.
რაც შეეხება 19 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობას, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება და დინამიკა უცვლელია. 
„თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, კვლავ მძიმეა, თუმცა გარკვეული სტაბილიზაცია მიღწეულია. არ არის სიახლე სხვა კლინიკაში გადაყვანის მხრივ. ველოდებით ინფორმაციას. ჯერჯერობით, არც ერთი კლინიკა არ შეგვხმიანებია“, – განუცხადა Knews.ge–ს ზაზა ლურსმანაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. ბრალდებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია 26 დეკემბერს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ის თბილისში 28 დეკემბერს გადმოიყვანეს. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი და ბადურ ჩოფანაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.