ახალი ამბები

დუისის პოლიციასთან ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ადგილობრივებს სიტყვით ჯერ მიმართა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამმა. ბექხან ფარეულიძის განცხადებით, ისინი ითხოვენ პასუხს ხელისუფლებისგან, რატომ ესროლეს სპეც დანიშნულების რაზმის წევრებმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელსაც ეძინა. პანკისელები დარწმუნებულები არიან, რომ სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.
”ჩვენი კონეკრეტული სათქმელი არის არა ძალადობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც გუშინ სპეცდანიშნულების რაზმმა გააკეთა. სამართალდამცავებმა მძინარე თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლეს. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ პასუხს, რატომ ესროლეს თემირლანს. მისი მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულია. ჩვენთვის, ასევე, ყოვლად მიუღებელია ის, რომ პანკისელობა ასოცირდება ტერორიზმთან“, – განუცხადა knews.ge–ს ბექხან ფარეულიძემ. 
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში გუშინ გამთენიისას ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

სუსის ინფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა, წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რომლის დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამართალდამცავებმა მაჩალიკაშვილს ესროლეს, რის შედეგადაც ის დაიჭრა. მაჩალიკაშვილს ნეიროქირურგიული ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ისევ საკმაოდ მძიმეა. ის თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

როგორც knews.ge–ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, ტემირლან მაჩალიკაშვილი მართვით სუნთქვაზე რჩება. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.