ახალი ამბები

მარტოხელა დედებს გათხოვების შემთხვევაში სტატუსი არ მოეხსნება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატია.
ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ მარტოხელა დედის ან მამის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და დაბადების მოწმობაში მეორე მშობელი მითითებული არ არის. გარდა ამისა, ამ სტატუსით სარგებლობენ ის პირებიც, რომლებიც შვილის დაბადების მომენტში ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. 
,,ცვლილებების თანახმად, პირს მარტოხელა მშობლის სტატუსი მოეხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში გაჩნდება ჩანაწერი მეორე მშობლის შესახებ, ან როდესაც ბავშვს 18 წელი შეუსრულდება. დაქორწინების შემდეგ სტატუსის დაკარგვა უსამართლობაა, ვინაიდან დედინაცვალს ან მამინაცვალს ბავშვზე ზრუნვას კანონმდებლობა არ ავალდებულებს”, – განაცხადეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 2015 წლის 16 ივნისიდან 2017 წლის 12 აპრილამდე 1500-ზე მეტ ადამიანს მიენიჭა.