ახალი ამბები

პანკისში აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

„ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, გადახედონ ამ საქმეს და 9 შვილის მამა გათავისუფლდეს. პროკურატურის ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გადინება მიმდინარეობდა. დღეს არ არის ის დრო, რომ ახალგაზრდები ვინმემ აიძულოს და ძალით წაიყვანონ სირიაში. აიუფ ბორჩაშვილი ბრალი არ არის ის, რომ ჩვენს ხელისუფლებას აეროპორტში გაეპარა არასრულწლოვანი, რომელსაც არც პასპორტი და არც მშობლების თანხმობა არ ჰქონია“, – განუცხადა knews.ge–ს ლეილა აჭიშვილმა. 
აიუფ ბორჩაშვილის დედის, მარიამ ბორჩაშვილის მტკიცებით, ის ადამიანი, რომელმაც სოფელ ჯოყოლოს სკოლის მოსწავლეები სირიაში საბრძოლველად გაგზაბნა, თავისუფალია და მისი შვილი კი სასჯელს იხდის. 
“მინდა ყველას გავაგებინო, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოდ არის ციხეში. არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის. ვინც ბავშვები სირიაში გაგზავნა, ისინი თავისუფლები არიან და ჩემი შვილი კი სასჯელს იხდის. რატომ ჰყავთ ჩემი შვილი დაპატიმრებული?“, – აღნიშნა აიუფ ბორჩაშვილის დედამ, მანანა ბორჩაშვილმა. 
აიუფ ბორჩაშვილი სამართალდამცველებმა 2015 წლის ივნისში სოფელ გომბორის ტერიტორიაზე დააკავეს. მას გამოძიება ედავებოდა ტერორიზმში ხელშეწყობას. პროკურატურის ინფორმაციით, ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. უწყების ცნობით, აიუფ ბორჩაშვილმა თავისი თანამზრახველების დახმარებით, სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის, ინტერნეტ საიტის და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფების გამოყენებით გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები, არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი და სირიაში გააგზავნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.