გზა ევროპისკენ

სიყალბის დეტექტორი დეზინფორმაციის მანქანისათვის

უკრაინელი და ესტონელი ექსპერტები, როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე მთავარ გამოწვევებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, იქვე ბარიერად რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ასახელებდნენ, რომლის ნაწილიც საინფორმაციო ომია. ეს აწუხებს არა მხოლოდ უკრაინას და საქართველოს, ეს აწუხებს მთელ ცივილიზებულ დასავლეთს.

StopFake უკრაინული ვებ პორტალი ორი წლის წინ შეიქმნა. რომლის მთავარი მიზანი რუსული პროპაგანდის დაფიქსირება იყო. ამა დროს ეს იყო პროფესიონალი ჟურნალისტების რეაქცია  უკრაინის მოვლენებზე.

ანალიტიკოსები ასე დაუპირისპირდნენ საინფორმაციო ომს უკრაინაში, რადგან მიხვდნენ, რომ აბსურდული ტყუილების ზვავი მთელ საერთაშორისო აუდიტორიას უქმნიდა მცდარ წარმოდგენას უკრაინის მოვლენებსა და უკრაინელებზე.

StopFake-ის ჟურნალისტები ამორალური, ულოგიკო და აბსურდული ამბების სიყალბეს ააშკარავებენ, მაგალითად, ასეთის: „ქვეყანა ფაშისტებმა, ბანდერელებმა ჩაიგდეს ხელში. ხუნტის წევრები ბავშვებს ხეებზე აკრავენ…“ მაშინ, ჯერ მხოლოდ უკრაინაზე ვლაპარაკობდით. დღეს უკვე ცხადია – მეთოდები, რომელთაც კრემლის პროპაგანდა იყენებდა, უნივერსალურია და ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის გამოდგება.

„მხოლოდ შარშან, ჩვენმა გუნდმა ოც ქვეყანაში გამართა შეხვედრები და დისკუსიები. StopFake.org უნიკალური არქივია, რომელიც რუსული სამსახურების წარმოებულ უამრავ ტყუილსა და მედიამანიპულაციას ინახავს. რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესების პარალელურად იცვლიდა სახეს. დროთა განმავლობაში ის უფრო პროფესიონალური, კომპლექსური და მოქნილი გახდა, სოციალურ ქსელებსა და მედიას მოედო.“- განაცხადა ვიქტორია რომანიუკმა.

StopFake-ის მთავარი პრინციპი ასეთია: არ ვავრცელებთ პროპაგანდას. ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჟურნალისტურ სტანდარტებს, ვიყენებთ ინფორმაციის, ვიზუალური მასალის გადამოწმების თანამედროვე ხერხებს.

არასდროს ვქმნით და ვავრცელებთ პროპაგანდისტულ გზავნილებს. საინფორმაციო სივრცეში მხოლოდ უკვე არსებულ მეტიატექსტებს ვშიფრავთ. StopFake არც სახელმწიფო და არც კომერციულ სტრუქტურებზე არაა დამოკიდებული. ჩვენი ბიუჯეტი თანამოაზრეების შემოწირულობებითა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით ივსება. მხოლოდ ასე შეგვიძლია შევინარჩუნოთ აბსოლუტური თავისუფლება.