ახალი ამბები

თელავში დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა

ღონისძიება ჩატარდა პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის “CinéDOC-Tbilisi” ფარგლებში. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კინოფესტივალის ფარგლებში მაყურებელს ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ უნიკალური სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და პერონაჟებით გადაღებული ფილმები შესთავაზეს. 
ფილმების ფესტივალი თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმით: ,,მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე’’ გაიხსნა. ფილმების დასრულების შემდეგ მაყურებლებს შორის დისკუსია გაიმართა. 
,,ვაჩვენეთ ორი ფილმი, რომელიც აქტუალურ თემებზე იყო გადაღებული და ასახავდა რეალურ ფაქტებს. დისკუსიის დროს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თომა ჩაგელიშვილის ფილმზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს, საომარ მოქმედებებს და საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს შეეხებოდა. ასევე ვაჩვენეთ მეორე ფილმი, ირანელი ქალი რეჟისორის, როხსარე გემ მაგამის მიერ გადაღებული, რომელიც გენდერულ თემაზე იყო. იგი ასახავს 15 წლის სონიტას და იმ ათასობით ავღანელი გოგოს ისტორიას, რომელთაც ოჯახები ან ძმები ფულის მიღების სანაცვლოდ ძალდატანებით აქორწინებენ. ვფიქრობ, ამ ორივე საკითხზე უნდა იყოს ბევრი დისკუსია და არ უნდა დარჩეს ამ მიმართულებით არცერთი ფაქტი ყურადღების მიღმა. აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება და მეტი ჩართულობა’’, – განუცხადა knews.ge-ს მაია მამულაშვილმა.
CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. ფესტივალი საქართველოში 2013 წლიდან ტარდება. კინოფესტივალი საქართველოში ევროკავშირის პროექტი “კრეატიული ევროპის” მხარდაჭერით ტარდება.