ახალი ამბები

“გურამ გუმაშვილი სირიაშია და ისლამური სახელმწიფოს იუსტიციის მინისტრია”

გუმაშვილის მამიდის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 43 წლის გურამ გუმაშვილი საქაერთველოში არ იმყოფებოდა და გავრცელებული ცნობა მისი ლიკვიდაციის შესახებ დეზინფორმაციაა. თინა გუმაშვილის ინფორმაციით, გურამი სირიაში იმყოფება და “ისლამური სახელმწიფოს” იუსტიციის მინისტრია. 
“მე ვნახე ფოტოები და ვიდეო. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩემი ძმისშვილი არ არის. პიროვნება, რომელიც ვიდეოში ჩანს, გურამ გუმაშვილს არ ჰგავს”, – განაცხადა თინა გუმაშვილმა. 
ისანში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულებს შორის გურამ გუმაშვილი ყოფნას გამორიცხავს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ზაურ გუმაშვილი. 
“რუსთავი 2–ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, სადაც ჩანს, რომ შეიარაღებული პირი გარბის და ისვრის, გურამს გავს, მაგრამ დარწმუნებით გეტყვით, რომ ის ჩემი ძმისშვილი არ არის. გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. გურამ გუმაშვილი დაუკავშირდა ოჯახის წევრებს. ის სირიაშია და კარგად გრძნობს თავს. ვიღაცეები ცდილბენ ჩემი ოჯახის იმიჯის შელახვას და ამ პროცესში გურამ გუმაშვილის სახელის გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ გურამი ჩემი ძმისშვილია, დიდი ხანია მასთან კომუნიკაცია არ მაქვს. მან თავად აირჩია “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ყოფნა”, – განუცხადა knews.ge–ს ზაურ გუმაშვილმა. 
”რუსთავი 2”-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი გურამ გუმაშვილია. 
43 წლის გურამ გუმაშვილი სირიაში 2013 წელს წავიდა. ის პანკისის უხუცესთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, სულეიმან გუმაშვილის შვილია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 21–22 ნოემბერს კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ,ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 4 სამართალდამცავი. უწყების ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.