ახალი ამბები

საგარეჯოში შამპანურის ბოთლში ლუდის დადუღება დაიწყეს

კომპანიის დირექტორის, დავით თოდუას ინფორმაციით, შამპანურის ბოთლში ლუდის დადუღება ალკოჰოლური სასმელის დამზადების უახლესი ტექნოლოგიაა. მისივე ინფორმაციით, ლუდის წარმოებისთვის ნედლეული გერმანიიდან შემოაქვთ. 
„შამპანურის ბოთლში ლუდის დადუღება უკვე დავიწყეთ. ეს არის მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგია. ამ ეტაპზე ლუდს მცირე რაოდენობით ვასხამთ. ლუდისათვის საჭირო ნედლეულს გერმანიაში ვყიდულობთ. საქართველოში ამ ტექნოლოგიით დადუღებული ლუდის ანალოგი არ არის. ეს არის ახალი სტანდარტი, რომ ცოცხალი ლუდი ბოთლში სიცივეში დადუღდეს. საბოლოო პროდუქტი კი უმაღლესი ხარისხისაა“, – განუცხადა knews.ge–ს დავით თოდუამ.
მისივე თქმით, ახალი ლუდი ადგილობრივ ბაზარზე უახლოეს მომავალში გაიყიდება. ნახევარი ლიტრი ლუდის ფასი 3 ლარი იქნება. პროექტის განხორციელებისთვის 500 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. 
„ჩვენ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და ამ სახის პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. პირველ ეტაპზე ლუდს თბილისის მაღაზიებში გავყიდით. შემდეგ წარმოებას გავზრდით და მთელ საქართველოს მოვიცავთ. სამომავლოდ კი შესაძლოა პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ. ISOS–ს საერთაშორისო სერტიფიკატი ჯერ არ მოგვიპოვებია, მაგრამ საწარმო ევოპული დანადგარებით უკვე აღვჭურვეთ“, – აღნიშნავს თოდუა.