ახალი ამბები

ევროკავშირის ბაზარზე ჯემებისა და მურაბების ექსპორტი გაიზარდა

,,ჩვენი ეკონომიკური ზრდის ნაწილში ეს მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია. პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც უკვე გადის ევროკავშირის ბაზარზე, მათ ახალი პროდუქტები დაემატა. მაგალითად, ჯემები, მურაბები, ადრე თუ გადიოდა ნედლეული, ახლა გადის გადამუშავებული. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროდუქცია იგივე ინდუსტრიულ ნაწილში – ავეჯი და ა. შ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, განვავითაროთ მეწარმეობა და ექსპორტის ნაწილში გავზარდოთ პოტენციალი ჩვენი ექსპორტიორებისთვის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
მისივე თქმით, საექსპორტო პროდუქცია დივერსიფიცირებას ახდენს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც ერთ-ერთი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარია.
ფერმერები ამბობენ, რომ თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოს მოქალაქეებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მათივე განცხადებით, ისინი ევროპის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებზე მეტ ინფორმაციას ითხოვენ.
,,ჯემებისა და მურაბების გარდა, გვაქვს ხურმის გატანის შესაძლებლობაც. ასევე იზრდება მოთხოვნა კენკროვან კულტურებზე. უნდა გვქონდეს ბევრი მოსავალი, რათა დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები. უპირველეს ყოვლისა პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი და შეფუთული და რაც მთავარია ლაბორატორიულად შემოწმებული”, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ფერმერი იზოლდა ქიტესაშვილი.