ახალი ამბები

სოფელ ბოდბესა და ზემო მაღაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

როგორც knews.ge–ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ჯანიკაშცილმა განუცხადა, ზემო მაღარო ზღვის დონიდან 950 მეტრზე, ხოლო ბოდბე 870 მეტრზე მდებარეობს და ასევე, მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი, რის გამოც ისინი შევიდა მაღალმთიანი სოფლების ნუსხაში. 
„სოფლების მდებარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ჭირს ხელმისაწვდომობა სხვადასვა სერვისზე. სწორედ, ამ კრიტერიუმების საფუძველზე გადაწყდა მათთვის მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მინიჭება. იმისათვის, რომ აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებმა პირებმა შეღავათებით სარგებლობა შეძლონ, აუცილებელია მიიღონ შესაბამისი სტატუსი. ამისათვის, 2017 წლის 11 ოქტომბრიდან იწყება რეგისტრაცია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქის სტატუსის მისანიჭებლად“, – განუცხადა knews.ge–ს დავით ჯანიკაშვილმა.
2016 წლის 1 იანვრიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მოქმედებს საგადასახადო და სოციალური შეღავათების სრული პაკეტი. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის მიხედვით, აღნიშნულ დასახლებებში დაბადებული პირველი და მეორე ბავშვისთვის, რომელთა ერთ–ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბაშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის, 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 200 ლარია გათვალისწინებული. 
კანონის თანახმად, საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები დანამატის სახით იღებენ სახელმწიფო პენსიის 20%–ს, რომელიც, ყოველთვიურად 216 ლარს შეადგენს. ექიმების ხელფასი, რომელიც ამ ეტაპზე 650 ლარს შეადგენს, 360 ლარით გაიზარდა და საბოლოოდ 1010 ლარს შეადგენს. ხელფასები გაეზარდათ პედაგოგებს და ისინი ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოზე 50%–იან დანამატს იღებენ.