ახალი ამბები

ქართული ვაშლის ძმარი ექსპორტზე გერმანიაში გავა

კომპანიის დამფუძნებლის, ირაკლი ჩავლეშვილის თქმით, პროდუქციის პირველი პარტია გერმანიაში სექტემბრის ბოლოს გაიგზავნა. მისივე ინფორმაციით, მეორე პარტია გერმანიაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება. 
”ვთანამშრომლობთ გერმანულ კომპანია Glonntaler Backkultur-თან, რომელიც ბიოლოგიურ პროდუქციას აწარმობს, მათ შორის ნატურალური პურის წარმოებაზე მუშაობს და უმაღლესი ხარისხის პურს უშვებს. გარდა იმისა, რომ თანამშრომლობა ექსპორტის კუთხით დავიწყეთ, ვეცნობით მათ გამოცდილებას ჭვავის პურის წარმოების საქმეში. ისინი აღნიშნულ პურს განსხვავებული ტექნოლოგიით აწარმოებენ და უმაღლესი ხარისხის პურს იღებენ. გერმანული ტექნოლოგიის გარკვეული დეტალები უკვე დავნერგეთ ”მზეთამზეს” ჭვავის პურის ცხობაშიც, რომელმაც პურის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა. გამოფენაზე, რომელიც აღნიშნული გერმანული კომპანიის მიერ იყო მოწყობილი, ჩვენი პური, ვაშლის ძმარი და ფქვილი გავიტანეთ. განსაკუთრებული მოწონება ვაშლის ძმარმა დაიმსახურა. ამ სახის პროდუქციას გერმანელები არ აწარმოებენ, ამიტომაც მივაღწიეთ ექსპორტზე შეთანხმებას. იგეგმება გერმანიაში მცირე რაოდენობით ”მზეთამზეს” ფქვილის გატანაც”, – განაცხადა ირაკლი ჩავლეშვილმა.