თანასწორი საარჩევნო გარემო ყველა ამომრჩევლისთვის

 ქალაქ თელავში, ამ დროისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 484 პირია რეგისტრირებული.  საარჩევნო ოლქში  ამჟამდ 18 უბანი მარ­ტივად ადაპტირდა.

თელავში, იმ მთავარ შენობებას, სადაც განლაგებულია   გამგეობის, საკრებულოსა და რეგიონის გუბერნიის სამსახურები, არ აქვს პანდუსი.

,,საარჩენო გადასატანი ყუთით ვსარგებლობ. არცერთ შენობას არ გააჩნია ადაპტირებული შესასვლელი, სართულებზე ასვლა და რამე ტიპის სერვისით სარგებლობა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. საარჩევნო უბნები ხშირად განთავსებულია მეორე სართულზე, იქ მოხვედრა კი შეუძლებელია, ამიტომაც ვერ მივდივარ. ირღვევა ჩვენი საარჩევნო უფლება. სახელმწიფომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, რომ გვქონდეს არჩევანის დაფიქსირების საშუალება“, – განუცხადა ,,კახეთის ხმას“ ეტლით მოსარგებლემ.

 იგივე პრობლემაზე საუბრობს ნანა მარტაშვილი, რომლის შვილმა მომავალ წელს უნდა მისცეს ხმა:

,,ჩემი შვილი მომავალ წელს მისცემს ხმას. მას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ექნება საარჩევნო ხმის უფლება. მიმაჩნია, რომ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, შშმ ამომრჩევლის­თვის ინკლუზიური გარემოს შექმნაა”,–ამბობს ის.

შშმ პირების უფლებების დამცველი გიორგი ათუაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემათა ჯაჭვში მნიშვნელოვანია, ადაპტირებული გარემოს შექმნა, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე ქალაქის სხვა ადგილებში.

,,თელავში ადაპტირებულ შენობა ძალიან იშვიათად გვხვდება. არჩევნების პერიოდში, როგორც მობილური ჯგუფის წევრს, ურთიერთობა მაქვს შშმ პირებთან. ცესკოს თანამშრომლებთან ერთად ვახორციელებთ მათ ტრანსპორტირებას საარჩევნო უბნებზე. ისევ და ისევ, იმ პრობლემას ვუბრუნდებით, რაზეც წლებია საუბარი: ეს არის პან­დუსების გადაუჭრელი საკითხი,’’ – აცხადებს ,,კახეთის ხმასთან“ უფლებადამცველი.

სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოსახლეობის 1,5 %–ს შეადგენენ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 58–ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სათანადო შენობა–ნაგებობის არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა–ნაგებობა უნდა გამოიყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა–ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში, საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა–ნაგებობა, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირებული უნდა იქნეს ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნის ადაპტირებაში მხოლოდ პანდუსები არ იგულისხმება. საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო უბანი აღჭურვილი უნდა იყოს ლინზით მხედველობადაქვეითებულებისთვის, სპეციალური წარწერით სმენადაქვეითებულებისთვის, ბრაილის შრიფტით უსინათლო ამომრჩევლებისთვის, სპეციალური კაბინით. გასულ წელს, ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, ქალაქ თე­ლავში შშმ პირებისთვის 18 უბანი მარ­ტივად ადაპტირდა. პროექტი ცენ­ტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა.

 ,,ინკლუზიური საარჩევნო გარემო უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რათა ყველას ქონდეს თანაბარი წვდომა კონსტიტუციური უფლების განსახორციელებლად. წინა წლებში გაცილებით ნაკლები საარჩევნო უბანი იყო ადაპტირებული, ვიდრე დღეს. გვინდა, რომ საარჩევნო უბნების ადაპტირების პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდეს“, – განმარტავს ,,კახეთის ხმასთან“ თამარ ჟვანია.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებს მიაჩნიათ, რომ მარტივად ადაპტირებული საარჩევნო უბნები თანაბარ ინკლუზიურ საარჩევნო გარემოს არ ქმნის. მათივე თქმით, შშმ პირების საარჩევნო ხმის უფლება შეზღუდულია.

 ,,შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის გარდა საარჩევნო უბნების ადაპტირებისა მნიშვნელოვანია, მოხდეს ტრანსპორტის და შენობების ადაპტირება, მათი განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ უბნების მარტივი ან ნაწილობრივი ადაპტირება არ აგვარებს იმ პრობლემებს, რაც შშმ პირებს აწუხებთ“, –აღნიშნავს ,,კახეთის ხმასთან“ საიას იურისტი ირმა პავლიაშვილი.

UNICEF-ის  წარმომადგენლების მტკიცებით, სისტემის მიღმა ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დარჩენილი. მათი განცხადებით, ბენეფიციარების ინფორმირება უპირველესია. სპეციალისტებისვე აზრით, უნდა მოხდეს სახელმწიფო პროგრამების  გაზრდა, არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება, ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწყობა, საზოგადოების ინფორმირება, რაც არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია.

,,სისტემის მიღმა დარჩენილი ადამიანები სახელმწიფო პროგრამებში ვერ ერთვებიან და სათანადო დახმარებას ვერ იღებენ. ჩვენ უნდა გავაცნოთ ისინი ფართო საზოგადოებას. მათ უმრავლესობას რეგისტრაციის პრობლემაც კი აქვს, არ არის ინკლუზიური გარემო, არ აქვთ რეალიზების საშუალება, არ შეუძლიათ თავისუფალი გადაადგილება. ბარიერები გარემოშია, ისინი არ ქმნიან მათ. მომსახურებები კი, ნაკლებია განსაკუთრებით, რეგიონებში,“ – აღნიშნავს ,,კახეთის ხმასთან“  მაია ქურციკიძემ.

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება–საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.